ბლოგი

17:50 | 13.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცოტა რამ ჰოლანდიის დაცემის შესახებ

შეიძლება არიან ადამიანები, რომლებსაც გაუხარდათ ჰოლანდიის საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ვერმოხვედრა, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს თუ არ ჩავთვლით ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ფეხბურთის ქომაგების უმეტესობა რასაკვირველია გულნატკენი დარჩა ამ ფაქტით. დიდი ტურნირი დიდი გუნდების გარეშე რა თქმა უნდა წარმოუდგენელია. ჰოლანდიის ეროვნული გუნდი კი ნამდვილად ირიცხებოდა გრანდთა და გამორჩეულთა შორის.

დღეს ევროპულ პრესაში ბევრს წერენ და მსჯელობენ ნიდერლანდელთა სამარცხვინო ფიასკოს მიზეზებზე და მოსაზრებაც მრავალნაირი გამოითქვა. უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჰოლანდიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის უმთავრესი მიზეზი ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში დაწყებული მტკივნეული თაობათა ცვლაა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შესაბამისად ვერ ჩაანაცვლეს ძველი და გამოცდილი კადრები.

ეს მოსაზრება რა თქმა უნდა ჭეშმარიტებასთან ახლოსაა, მაგრამ მხოლოდ თაობათა ცვლის პროცესი ვერ იქნებოდა ყველაფერი უბედურების მიზეზი. ჰოლანდიელთა ჩავარდნა სხვა მიზეზებთან ერთად განაპირობა იმანაც, რომ ბოლო პერიოდში ნამეტანი დაეცა ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის დონე და ამაზე პირველ რიგში ჰოლანდიელები სწუხან. რა თქმა უნდა “ნარინჯისფერთა” ეროვნული პირველობა არასოდეს ყოფილა და ალბათ ვერც იქნებოდა ვთქვათ ინგლისის, ან ესპანეთის ჩემპიონატების დარი, მაგრამ სხვადასხვა ტიპის ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ძლიერ ჩემპინატებს შორის დამსახურებულად ირიცხებოდა და ამას ადგილობრივი კლუბების ევროსარბიელზე კარგი გამოსვლაც ადასტურებდა.

ჩვენი მოგონილი ნამდვილად არაა ის უტყუარი ჭეშმარიტება, რომ ქვეყნის ჩემპიონატის დონისა და შესაძლებლობების საუკეთესო შემფასებელი ევროტურნირებია და თუკი თითოოროლა ინდივიდუალურ შემთხვევას არ ჩავთვლით, ევროსარბიელზე წარმატებას სწორედ ის კლუბები აღწევენ, რომელთა ეროვნული ჩემპიონატიც აღმასვლის გზაზეა. უკანსვლა კი ასევე ევროტურნირებზე აისახება, რისი კლასიკური მაგალითიცაა იტალიის ჩემპიონატი.

როდესაც გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველა რეიტინგით, იტალიის “სერია ა” ევროპის საუკეთესო ჩემპიონატი იყო, აპენინური კლუბები ევროპაში როგორც იტყვიან ქვას-ქვაზე არ ტოვებდნენ და ლამის ყველა ტურნირს ისინი იგებდნენ. კორუფციული სკანდალების დაწყებისა და იტალიის პირველობის დონის დაცემის შემდეგ კი ევროსარბიელზე ჯერ ინგლისური, შემდეგ კი ესპანური და ბრიტანული კლუბები გაბატონდნენ და მათი ეს ბატონობა პრინციპში დღესაც გრძელდება.

დაახლოებით იგივე დაემართა ჰოლანდიის ჩემპიონატსაც და ეს პატარა ქვეყნის ფეხბურთისათვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. როგორც ნიდერლანდელი საფეხბურთო მიმომხილველები წერენ, ჩემპიონატის დონის დაცემის პირველი სიგნალები მაშინ მიიღეს, როდესაც ევროპის საზღვრები გაიხსნა და ჰოლანდიიდან ჯერ კიდევ მცირე ასაკის უმწიფარმა ფეხბურთელებმა დაიწყეს გადინება ევროპის სხვა ჩემპიონატებში. ეს ის ბიჭები იყვნენ, რომლებსაც წესით ჯერ “აიაქსში” ან “ფეიენოორდში” უნდა ეთმაშათ, იქ მიეღწიათ რაღაც დონისათვის და მხოლოდ შემდეგ უნდა წასულიყვნენ სხვაგან. (როგორც ჰოლანდიაში ადრე ხდებოდა ხოლმე) მაგრამ მოგეხსენებათ რთულია ხმელა პური ძიძგნო, როდესაც ერთი ხელის გაწვდენაზე ცვრიანი მწვადი მოსჩანს.

ამას დაემატა ბაზრის მარტივი კანონები, რომ სადაც ნაკლები დონეა, იქ ნაკლები ფულიც იდება და ნიდერლანდული კლუბები (რომლებიც არც ადრე გამოირჩეოდნენ დიდი ფულის ქონით) უკვე ვეღარ გახდნენ სხვა სახსარმრავალ კლუბებთან კონკურენტუნარიანები, ვეღარ შეძლეს ფეხბურთელთა ახალი თაობების სათანადოდ აღზრდა, ვეღარ მიეწოდა ნაკრებს შესაბამისი დონის ფეხბურთელები და ბოლოს “უბედურების ზარმაც” ჩამოჰკრა.

სამწუხაროა ჰოლანდიის დღევანდელი ნაკრების რეალობა, მაგრამ ჰოლანდია ძველი და ძირგაუმხმარი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქვეყანაა და იმედის დაკარგვა არ ღირს. ტრადიციებს ხშირად გადამწყვეტი როლი აკისრია.

0.120383