იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შედეგები შეაფასა და ერთ-ერთი მეტოქე ბელგია, არა მხოლოდ ჯგუფის, არამედ ტურნირის ფავორიტად დაასახელა.
“სკუადრა აძურა” ჯგუფურ ეტაპზე ბელგიის გარდა შვედეთთან და ირლანდიასთან ითამაშებს, მისი სიტყვები კი, Football Italia-მ გაავრცელა.
“ვფიქრობ, ბელგია ძალიან კარგი გუნდია და ის იქნება ერთ-ერთი ფავორიტი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპებზე. ესაა ახალგაზრდული გუნდი ტოპ-შემსრულებლებით. ბელგიას ტურნირის ფავორიტად მივიჩნევ და მის გარდა, ჯგუფში ვხედავ სამ სიმპატიურ, თანაბარი ძალის გუნდს - შვედეთი, იტალია და ირლანდია. ყველამ კარგად ვიცით ზლატანის ძლიერი მხარეები. ირლანდია ყოველთვის განსაკუთრებული ემოციით თამაშობს. მათ აქვთ ძლიერი გუნდური სულისკვეთება და განსაკუთრებული თავდადებით თამაშობენ. მოკლედ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ” - ასკვნის კონტე.