ფეხბურთი

13:39 | 12.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “ლოკომოტივის” ამბები: შერჩევები აკადემიაში
გიორგი მინაშვილი: “ტალანტზე საუბარი 14 წლის ასაკიდან შეიძლება”

თბილისის “ლოკომოტივი” საქართველოში ინფრასტრუქტურით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ამის შედეგიცაა, რომ მათი აღსაზრდელები ხშირად ხვდებიან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. “ლოკომოტივი” საქართველოს პირობებში გამორჩეულია იმით, რომ ხშირად ჰყიდის ფეხბურთელებს უცხოურ კლუბებში და თანაც, ძლიერ კლუბებში: ლევან ყენია, ლუკა ზარანდია, ლუკა კიკაბიძე, გიორგი აბურჯანია, გიორგი გოროზია, გიორგი არაბიძე და სხვები.

“ლოკომოტივის” აკადემიაში ბავშვთა შერჩევები 17 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე გაიმართება. კლუბი შერჩევას აცხადებს 2003, 2004, 2005, 2006, 2007 წლებში დაბადებული ბავშვებისთვის.

შერჩევა გაიმართება საგურამოში, “ლოკომოტივის” სამწვრთნელო ბაზაზე და ვერის ბაღში. 2003, 2004, 2005 წელს დაბადებული ბავშვების შერჩევა მოხდება საგურამოში, ხოლო 2006 და 2007 წლებში დაბადებული ბავშვების კი თბილისში, ვერის ბაღში. ფეხბურთელების საგურამოში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს “ლოკომოტივის” აკადემია.

17, 18, 19 დეკემბერი – საგურამო; 2003 წლიანების თამაში, 2004 წლიანების თამაში, 2005 წლიანების თამაში.

20, 21 და 22 დეკემბერი – ვერის ბაღი; 2006 წლიანების თამაში, 2007 წლიანების თამაში.

ფეხბურთელების შერჩევის პროცესს დაესწრებიან “ლოკომოტივის” როგორც უმაღლესი ლიგის გუნდის, ასევე ყველა ასაკობრივი გუნდების მწვრთნელები (მათ შორის ჟერარდ სარაგოსა და გიორგი მინაშვილი) და სკაუტები. დაინტერესების შემთხვევაში კი, ამ ლინკზე შეიძლება რეგისტრაციის გავლა: http://goo.gl/forms/6W3JDE5XUC

“ლოკომოტივის” აკადემია 13 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის არის ფასიანი: საგურამოში 2003, 2004, 2005 წელს დაბადებულები – 140 ლარი; ვერის ბაღში 2006, 2007, 2008 და 2009 წელს დაბადებულები – 80 ლარი (ძმების შემთხვევაში მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება). შერჩევაში მონაწილეობის მიღება უფასოა.

“მსოფლიო სპორტი” “ლოკომოტივის” აკადემიის მთავარ მწვრთნელს, გიორგი მინაშვილს გაესაუბრა. მინაშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ამ პოსტზე, მანამდე კი თბილისის “დინამოს” აკადემიის დირექტორი გახლდათ:

- უცხო თვალით რომ შევხედოთ, რით არის მიმზიდველი “ლოკომოტივის” აკადემია? და პირობებზე უფრო ვრცლად გვითხარით. სტადიონებზე, კვებაზე, სწავლაზე...

- ჩემი აზრით, “ლოკომოტივის” აკადემია მიმზიდველი და საინტერესოა მისი მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რასაც კლუბის სტრატეგია განსაზღვრავს, რომ აკადემია თავისი არსით და შინაარსით წარმოადგენს პროფესიული ფეხბურთის განვითარების სტრუქტურას. მისი მიზანია თანამედროვე ფეხბურთის ღირებულებებზე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელების მომზადება, რისთვისაც კლუბს გააჩნია შესანიშნავი ბაზა: სავარჯიშო მოედნებით, დამხმარე სპორტული ნაგებობებითა და სპორტული ინვენტარით, საყოფაცხოვრებო პირობებითა და სამედიცინო მოსახურებით.

- უშუალოდ თქვენზე გვითხარით - თქვენს კომპეტენციაში რა შევა?

- სადღეისოდ მე “ლოკომოტივის” აკადემიის მთავარი მწვრთნელი ვარ, ჩემი უმთავრესი ამოცანაა შევქმნა თანამედროვე ფეხბურთის განვითარების აკადემიის პროგრამა და ფებურთელთა მომზადების ერთიანი სისტემა, რომელიც დაეხმარება მწვრთნელებს ფეხბურთელების სელექციის დროს – თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელონ და ფეხბურთელების განვითარების რომელ ეტაპზე რა უფრო მთავარი და მნიშვნელოვანია.

- “ლოკომოტივის” ჭაბუკთა ლიგის ორივე გუნდსაც თქვენ კურირებთ?

- მე ვკურირებ და ვეხმარები ყველა იმ ასაკობრივ გუნდებს, რომლებიც განეკუთვნებიან აკადემიის სტრუქტურას, მათ შორის U-15 და U-17 ჭაბუკთა ასაკობრივ გუნდებსაც.

- თბილისის “დინამოში” მუშაობდით და ინგლისში აპირებდით წასვლას. რატომ არ წახვედით?

- დიახ, “ლოკომოტივის” აკადემიამდე ვმუშაობდი “დინამოს” აკადემიის მთავარ მწვრთნელად 2012-2015 წლებში, სადაც ჩამოვედი ინგლისიდან. მიმდინარე წელს ისევ მივიღე მოწვევა სამუშაოდ ინგლისიდან, რამაც გამოიწვია ჩემი “დინამოს” აკადემიიდან წამოსვლა. რადგან ჩემი სამწვრთნელო განათლება დაკავშირებულია ბრიტანულ ფეხბურთთან, გადავწყვიტე წავსულიყავი, რაც ვფიქრობ, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის და პროფესიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა. რაც შეეხება ჩემს არ წასვლას ინგლისში, ეს შეფერხება დაკავშირებული იყო სამუშაო ვიზასთან და იმ იურიდიულ დოკუმენტებთან, რაც გამომდინარეობს ინგლისის კანონმდებლობიდან.

- “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობაზე რას იტყვით, რამდენად ემთხვევა თქვენი ხედვა მათსას?

- სიამოვნებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ პირადად კლუბის პრეზიდენტის ლექსო თოფურიას და კლუბის გენერალური დირექტორის Gგიორგი ყიფიანის საფეხბურთო ფილოსოფია ემთხვევა ჩემს ხედვებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული მუშაობისთვის.

- ზოგადად თქვენი ხედვით, რაში გამოიხატება სიტყვა ტალანტი? ზოგჯერ მატყუარა სიტყვა ხომ არაა?

- ფეხბურთელის გამორჩეულ შესაძლებლობებს სჭირდება განვითარება, რომ იგი გახდეს ტალანტი. ტალანტზე საუბარი შეიძლება 14 წლის ასაკიდან, რადგან ეს ის ასაკია, როცა ჩანს ფეხბურთელის ბუნებრივი ნიჭის მიზანმიმართული განვითარება და ფეხბურთელის რესურსი.

- ყველაზე უფრო რაში ხედავთ იმ პრობლემას, რომ ჩვენი ჭაბუკები ზრდას წყვეტენ? ზოგი 16, ზოგი 17, ზოგი 18 წლის ასაკში და ასე შემდეგ.

-ეს ის პრობლემაა, როდესაც ფეხბურთის სწავლა, ნიჭის გამოვლენა და ინდივიდის განვითარება მწვრთნელების მხრიდან არ ხდება ეტაპობრივად და მიზანმიმართულად, რასაც განსაზღვრავს მწვრთნელის მუშაობაში თემატური პროგრამები, სადაც მნიშვნელოვანია მწვრთნელის კვალიფიკაცია და კომპეტენცია,Uრომელიც თავს იჩენს 16,17,18 წლის ასაკში.

0.131931