ბოლნისის “სიონის” დირექტორის ლადო ბურდულის განცხადებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძველი აღმასკომის მიერ დამტკიცებული სადისციპლინო კოდექსი გადახედვას საჭიროებს, რადგან გაუმართავია და პრობლემას უქმნის ყველა კლუბს. ბურდული სფფ-ის ახალ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს გულისხმიერად მოეკიდონ ამ საკითხს და აღმასკომის მომავალ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის შეიტანონ.
„სიონის“ დირექტორმა ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან (fcsionibolnisi.com) ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის მიერ ოთხშაბათს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ისაუბრა, რომელმაც ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურში „დინამო“-„სიონის“ მატჩის დროს გულშემატკივართა შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა და კლუბები დააჯარიმა. მასპინძელ “დინამოს” 3000 ლარის გადახდა და ერთი მატჩის უმაყურებლოდ გამართვა დააკისრა, “სიონს” კი 5000 ლარის გადახდა.
ლადო ბურდული: “საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, “დინამო თბილისსა” და ჩვენი გუნდის მატჩისას მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა და ფულადი სანქციები დააწესა. ჩვენთვის, ეს გადაწყვეტილება არგუმენტირებული არ არის, მაგრამ კლუბი მის გასაჩივრებას არ აპირებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ თხოვნით, რომ ძველი აღმასკომის მიერ დამტკიცებული სადისციპლინო კოდექსი გადაიხედოს და მიღებულ იქნას ისეთი, რომელიც თანაბარ და კანონიერ პირობებში ჩააყენებს ყველა კლუბს. ძველი აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად აჩენდა კითხვის ნიშნებს, ამიტომ, მათ მიერ დამტკიცებული სადისციპლინო კოდექსიც ბევრ კითხვას ბადებს. ვთხოვთ სფფ-ს ახალ ხელმძღვანელობას, რომ აღნიშნულ საკითხს მოეკიდოს გულისხმიერად, სადისციპლინო კოდექსის გადახედვა მალე განახორციელოს და მომავალ სხდომაზე, დღის წესრიგში, განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი, ვინაიდან, გაუმართავი კოდექსი პრობლემას უქმნის, არა მხოლოდ ერთ გუნდს, არამედ – ყველას”.