კალათბურთი

10:13 | 10.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მე-13 დუბლი: 11 ქულა, 17 მოხსნა

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ჩვეულ ორმაგ დუბლს უწია. ქართველმა ცენტრმა ეს თავის ყოფილ გუნდ „ატლანტა ჰოუქსთან“ შეძლო, თუმცა დალასში გამართული დაძაბული დაპირისპირება „მავერიკსმა“ წააგო.

გასულ 3 მატჩში, რომელშიც ზაზამ ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, ჩავარდნა როდი ჰქონია. ფაჩულია გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, სტატისტიკით ორმაგ დუბლს უტრიალებდა, რეალური საქმით კი დალასელებს უდიდეს დახმარებას უწევდა და ხსენებული 3 მატჩიდან - „ჰიუსტონთან“, „ვაშინგტონთან“ და „ნიუ იორკთან“ – „მავერიკსმა“ ბოლო 2 მოიგო. გადამწყვეტ მომენტებში ქართველი ცენტრი ყოველთვის მოედანზე იყო და მატჩის ბედის გადაწყვეტაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

ასე იყო დღეს, გამთენიისას დალასში გამართულ შეხვედრაშიც. მატჩი თანაბარი და შესაბამისად, დაძაბული გამოდგა. ზაზა მოედნიდან მესამე პერიოდის ბოლოსკენ გაიყვანეს და ის თამაშში ბოლო პერიოდში, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე დაბრუნდა. ანუ ქართველი ცენტრი დალასელთა მწვრთნელმა გადამწყვეტი ბრძოლისთვის შემოინახა.

უმეტეს დროს მდევრის როლში მყოფმა „დალასმა“ ლიდერობა სწორედ ფაჩულიას ორქულიანის შემდეგ, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოიპოვა (86:84) და მოგვიანებით, დერონ უილიამსის მიჯრით მითვლილი 6 ქულით 93:89 დაწინაურდა. დარჩენილ 3 წუთში დალასელებმა ვერ შეინარჩუნეს აღნიშნული უპირატესობა და პოლ მილსეპის, კენტ ბენზემორისა და ჯეფ ტიგისგან მიღებული ბურთების შემდეგ მატჩი 95:98 დათმეს.

ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში, 38 წუთი ითამაშა და შეხვედრა 11 ქულით, 17 მოხსნით და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულა და 6 პასი დააგროვა დერონ უილიამსმა, ხოლო 17 - ვესლი მეთიუზმა, თუმცა საერთო შედეგიანობით, როგორც აღვნიშნეთ, ქართველი დალასელთაგან საუკეთესო იყო. რაც შეეხებათ ატლანტელებს, ზაზას ყოფილ გუნდს პოლ მილსეპმა 20 ქულით და 11 მოხსნით ულიდერა. ნომინალურმა ცენტრმა, ალ ჰორფორდმა 14 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ჯეფ ტიგმა კი 14 ქულა და 6 პასი მოაგროვა.

13 მოგებითა და 10 მარცხით „დალასი“ „მემფისს“ კვლავ გაუთანაბრდა და მასთან ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ დალასში, ჩვენი დროით 13 დეკემბრის გარიჟრაჟზე ელის.

დაბოლოს ორმაგი დუბლების რბოლაზეც ვთქვათ. 3-მატჩიანი პაუზით ფაჩულიამ მხოლოდ რასელ ვესტბრუკთან მოზიარე მეორე ადგილი დაკარგა და ახლა 13 ორმაგით მესამეზე იმყოფება. ოკლაჰომელმა სუპერვარსკვლავმა ზაზას პაუზით ისარგებლა და 12 ორმაგ დუბლს 2 წაამატა. პირველასგილოსანმა ანდრე დრამონდმა კი წინ გვარიანად გაქუსლა და პირველ ადგილზე მყოფი თავს 19 დაბლ-დაბლით იწონებს.

www.gbf.ge

0.109462