WTA-მ გულშემატკივრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად წლის ნომინაციების გამარჯვებულები დაასახელა.
2015 წლის საუკეთესო მოთამაშე სერენა უილიამსი გახდა, რომელმაც “უიმბლდონი”, “ამერიკის ღია პირველობა” და “ავსტრალიის ღია პირველობა” მოიგო. უილიამსმა 53 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 3 შეხვედრაში დამარცხდა.
მარტინა ჰინგისი-სანია მირზა წლის საუკეთესო წყვილად დასახელდა. ინდურ-შვეიცარულმა წყვილმა ორი დიდი სლემის ტურნირი “უიმბლდონი” და “ამერიკის ღია პირველობა” მოიგო. სულ კი ჯამში 10 ტიტული მოიპოვა.
წლის ყველაზე გაუმჯობესებული ჩოგბურთელი შვეიცარიელი ტიმეა ბაჩინსკი გახდა. ბაჩინსკიმ WTA-ის ორი ტურნირი მოიგო. ტიმეა “როლან გაროსის” ნახევარფინალში გავიდა, ხოლო “უიმბლდონზე” მეოთხედფინალში გააღწია.
წლის საუკეთესო ახალბედა 21 წლის დარია გავრილოვა გახდა. გავრილოვამ მარია შარაპოვა და ანა ივანოვიჩი დაამარცხა.
წლის საუკეთესო დაბრუნების ტიტული ვინუს უილიამსმა დაისაკუთრა. უილიამსი 2010 წლის შემდეგ პირველად მოხვდა რეიტინგის საუკეთესო ათეულში. 41 შეხვედრა მოიგო და 13 წააგო. წელს ვინუსმა 3 ტიტული მოიპოვა.