ფეხბურთი

17:57 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ფრაიბურგმა" ჰუფნაგელს კონტრაქტის პირობები გაუუმჯობესა

გერმანულმა "ფრაიბურგმა" 21 წლის ლუკას ჰუფნაგელს კონტრაქტის პირობები გაუუმჯობესა. ხელშეკრულების ვადა (3 წელი) არ შეცვლილა. აწ უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ამ ზაფხულს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის "უნტერჰახინგიდან" გადავიდა მეორებუნდესლიგელ "ფრაიბურგში" და საკმაოდ კარგადაც ათამაშდა.

"ფრაიბურგის" საიტზე კლუბის სპორტული დირექტორის, კლემენს ჰანტერბახის სიტყვებია მოყვანილი:

"ჰუფნაგელი მესამე ბუნდესლიგის გუნდიდან მოვიყვანეთ, მაგრამ ის საკმაოდ სწრაფად შეეჩვია "ფრაიბურგს". ლუკასი შრომისმოყვარეა, გულით უდგება საქმეს და კლუბის მომავლისთვის მშვენიერი დასაყრდენი გახლავთ".

თავად ჰუფნაგელმაც კმაყოფილება გამოთქვა იმით, რომ "ფრაიბურგის" ფეხბურთელია და კლუბი ყველანაირად ხელს უწყობს წინსვლისთვის.

ახალი კონტრაქტის პირობების დეტალები, რა თქმა უნდა, არ გასაჯაროებულა.

შეგახსენებთ, ლუკასს ნოემბერში ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. მან ტალინში, ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში (0:3) ითამაშა.

0.123678