ფეხბურთი

15:22 | 8.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“აუგსბურგის” მეკარეს ეშმაკობა არ აპატიეს (+VIDEO)

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ “აუგბურგის” მეკარე მარვინ ჰიტცი 122,92 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი, “კიოლნთან” გასვლაზე მოგებული (1:0) მატჩის 58-ე წუთზე მომხდარი ფაქტია, როდესაც ჰიტცმა მის კარში დანიშნული პენალტის დროს, 11-მეტრიანის ნიშნული განგებ გააფუჭა.

ჰიტცის ეშმაკობამ გაამართლა, ენტონი მოდესტეს ფეხი დაუცდა და მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. ექვს წუთში კი, სტუმრებმა გაიტანეს და “აუგსბურგმა” 1:0 იმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ “კიოლნის” გაბრაზებულმა წარმომადგენლებმა გერმანული სიზუსტით გამოთვალეს დაზიანებული მოედნის მონაკვეთის აღდგენის ხარჯი, მეკარეს უჩივლეს და ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს, რაც გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ჰიტცმა ნამატჩევს ბოდიში მოიხადა, თუმცა ჯარიმას ვერ გადაურჩა.

ისე კი, ჰიტცი მეკარისთვის უჩვეულო საქმით ადრეც მოქცეულა ყურადღების ცენტრში – მან მიმდინარე წლის 21 თებერვალს “ლევერკუზენს” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუტანა გოლი და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა.

0.135642