სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

22:13 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" გოლების იშტაზე იყო    

თბილისის "დინამომ" მორიგი მატჩი მოიგო, თანაც, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ ბოლნისის "სიონთან" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა - 5:2. საწყენი ისაა, რომ ფან-კლუბების გარდა, ამხელა სტადიონზე კანტი-კუნტად თუ ნახავთ გულშემატკივარს. უმეტესობას უკვე სახეზე იცნობ, მეტწილად ერთი და იგივე ადამიანები დადიან...

"სიონს" რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, თუმცა საწყის 10 წუთში თითქოს უკეთ გამოიყურებოდა და პირველი მწვავე შეტევაც სწორედ მათ განახორციელეს: ლიბორ ჰრდლიჩკა დროულად გამოვიდა კარიდან და ოდნავ დაასწრო ჯაბა უგულავას. რამდენიმე წუთში კი ანგარიში გაიხსნა. ჯაბა ჯიღაურმა მარჯვნიდან რბილად ჩააწოდა და მარცხენა მცველმა გიორგი გურულმა თავით შეაგდო - 1:0. ორ წუთში თავად ჯიღაურს არ გაუმართლა, საჯარიმოს მისადგომებიდან ჩახვეული დაარტყა და ხარიხას მოხვდა ბურთი. "დინამოს" მარჯვენაფლანგელი შემტევი ჯიღაური ყველაზე აქტიური იყო პირველ ტაიმში და კიდევ ერთი ხიფათი შექმნა, თუმცა მცველებმა განმუხტეს.

32-ე წუთზე "დინამომ" დიდი უპირატესობა მოიპოვა. არა, გოლი არ გაუტანიათ, მაგრამ "სიონს" კაპიტანი დავით სვანიძე გაუძევეს. სვანიძემ გიორგი ქვილითაია პირისპირ არ გაუშვა, წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს. საჯარიმო დარტყმაც სახიფათო იყო, მირზა მერლანმა ალექსანდრე იაშვილს აუღო.

მეორე ტაიმში უფრო გაიხსნა თამაში და მალევე, "დინამომ" სხვაობა გაზარდა: ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებას ქვილითაიას ერთ შეხებაში დარტყმა მოჰყვა და 2:0.

რამდენიმე წუთში "სიონმა" გაქვითა. დავით საჯაიას დაბალ პასს გიორგი ვასაძის დარტყმა მოჰყვა და ჰრდლიჩკა უძლური აღმოჩნდა - 2:1. ისე, საჯაიაც და ვასაძეც შეცვლაზე შეიყვანა ვარლამ კილასონიამ.

თითქოს ცოტა დაიძაბა თამაში, მაგრამ "დინამომ" რვა წუთში მოსპო ინტრიგა. ოთარ კაკაბაძემ და ლაშა პარუნაშვილმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, პარუნაშვილი მარჯვნიდან შევიდა საჯარიმოში, ცენტრისკენ დააგორა ბურთი და იქ გურულმა იმარჯვა, ზუსტი დარტყმით 3:1 გახადა ანგარიში. მარცხენა მცველისთვის დუბლის შესრულება მშვენიერია: გურულმა მართლაც კარგი მატჩი ჩაატარა.

გავიდა კიდევ რვა წუთი და ამჯერად, ბრაზილიელმა მცველმა რენე ფერეირამ გაიტანა. კიტეიშვილმა კუთხური ჩააწოდა, გიორგი გველესიანმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და იქ მდგომმა რენემ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში - 4:1.

77-ე წუთზე "სიონმა" პენალტით "შეალამაზა" ანგარიში, კერძოდ, ვარლამ კილასონიამ გაიტანა. პენალტი კი იმიტომ დაინიშნა, რომ გურულს ხელზე მოხვდა ბურთი.

დარჩენილ წუთებში მინდორზე ყველაზე აქტიური საბა ლობჟანიძე იყო და გოლითაც დაუფასდა. დაბალ კუთხეში ზუსტად დაურტყა მირზა მერლანს და 5:2. ლობჟანიძეს კიდევ შეეძლო გატანა, თუმცა მერლანმა ამჯერად მოახერხა მოგერიება. "სიონს" უკვე ძალიან უჭირდა ტემპში თამაში, რადგან 10 კაცით დარჩენამ თავისი როლი ითამაშა.

"დინამოსა" და 'სიონს" შორის სხვაობა 8 ქულა გახდა. აი, მეორეადგილოსანი გორის "დილა" კი ხვალ "მერანს" თუ მოუგებს, "დინამოსთან" ჩამორჩენა ისევ 3 ქულა დარჩება.

მატჩის შემდეგ:

ვარლამ კილასონია: "დინამოელებს დამსახურებულ მოგებას ვულოცავ. ნამდვილად არ დავაბრალებ ამ მარცხს ჩვენი ფეხბურთელის გაძევებას. მიზეზი უფრო ისაა, რომ გადატვირთული გრაფიკი გვქონდა და დაღლილობამ თავი იჩინა. თან, სამი წამყვანი ფეხბურთელი არ გვყავდა. ამ სეზონში ყველაზე სუსტად ეს მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ვეცდებით, სიტუაცია გამოვასწოროთ".

გია გეგუჩაძე: "არ მიყვარს, როცა ნაადრევად ასრულებენ თამაშს. პირველი ტაიმის ბოლოს ეს გამოჩნდა ჩვენს თამაშში, შესვენებაზე ფეხბურთელებს მივუთითე, რომ მეორე ტაიმშიც კონცენტრაციით ეთამაშათ. გარკვეულ დროში ასეც მოხდა, თუმცა გავუშვით გოლები, ანუ იყო მონაკვეთები, როიცა მოვეშვით. ეს არ უნდა დავუშვათ.

...ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ცოტა გულშემატკივარი დადის სტადიონზე. ეს იმის ბრალია, რომ ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის დონე ეცემოდა".

"დინამო" (თბილისი) - "სიონი" (ბოლნისი) 5:2 (1:0)

დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, რენე, გველესიანი, გიორგი გურული, ცინცაძე (ჯანელიძე 65), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (საბა ლობჟანიძე 75), იაშვილი, ქვილითაია (არაბული 63)

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სიონი: მერლანი, სვანიძე, ფოფხაძე, კილასონია, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე (ვასაძე 46), გოგობერიშვილი, რაზმაძე, მანჯგალაძე, ისიანი (ოთარაშვილი 72), უგულავა (საჯაია 38)

მწვღტნელი: ვარლამ კილასონია

გოლები: 1:0 გურული (13), 2:0 ქვილითაია (48), 2:1 ვასაძე (54), 3:1 გურული (62) 4:1 რენე (70), 4:2 კილასონია (76 პენ), 5:2 საბა ლობჟანიძე (83)

გაფრთხილება: ქვილითაია (45), ოთარაშვილი (87)

გაძევება: სვანიძე (32)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11321