ვიქტორ სანიკიძის დიდებული თამაშის წყალობით, “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” თურქეთის ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება იზეიმა. ანკარელებმა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი “პინარ ქარშიაქა” 65:62 დაამარცხეს, ქართველმა კალათბურთელმა კი 22 ქულა ჩააგდო.(VIDEO)
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 25:46 წუთში 8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 22 ქულას 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ისიც ვთქვათ, რომ ვიქტორს პასივში 3 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი ჰქონდა.
“ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” 4 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. 4 გამარჯვება აქვს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკასაც”, რომელიც მე-9 ტურის მატჩს 7 დეკემბერს, შინ, “ბუიუკჩეკმეჩესთან” ჩაატარებს.