ფეხბურთი

16:58 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” დამსახურებულად მოიგო

ეროვნული პირველობის მორიგი ტურის შეხვედრა ქუთაისის “ტორპედომ” საშინაო არენაზე ჩაატარა და თბილისის “ლოკომოტივი” მიიღო. სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მეზობლად მყოფი გუნდების დუელი საინტერესო გახლდათ, რადგანაც ამ მატჩში გამარჯვებულს შანსი ჰქონდა მოშორებოდა ქულების მხრივ ე.წ სახიფათო ზონას. პაექრობას ახლდა კიდევ ერთი თავისებური ინტრიგაც. თბილისურ კლუბს ხელმძღვანელობს ესპანელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ “ტორპედოს” თავკაცობდა და ბუნებრივია, მას სურდა “რამაზ შენგელიაზე” თავის გუნდთან ერთად დაემყკიცებინა, რომ იგი არასწორად გაუშვეს გუნდიდან.

შეხვედრა განსაკუთრებით აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს. აშკარად ჩანდა, რომ მათ სწრაფ გოლზე ჰქონდათ აქცენტი გაკეთებული და ეს გამოუვიდათ კიდეც. თუმცა, გოლამდე ქუთაისელებს რამდენიმე კარგი მომენტი მიეცატ და ისინი რომ გამოეყენებინათ, ალბათ დებიუტშივე მოათავებდნენ სამი ქულის საკითხს. უკვე მე-3 წუთზე კუხიანიძის დიდებული გადაცემის შემდეგ დათო კირკიტაძეს მიეცა დაახლოებით 5-6 მეტრიდან ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ახალგაზრდა ნახევარმცველს არ გაუმართლა და ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. ცოტა ხანში ტაბატაზის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჭიჭინაძეს მიეცა ჩინებული შანსი, მაგრამ იმერთა მცველმა ბურთი ვერ შეიმაგრა და ხიფათიც განიმუხტა. რამდენიმე წუთში შინდაგორიძემ უპასა მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ ბრეგვაძეს, რომელიც მახვილი კუთხიდან ურტყამდა და მცირედით ააცილა. ერთადერთი სადებიუტო წუთებში რაც სტუმრებმა შეძლეს ბენაშვილის დარტყმა იყო, რომელსაც სიზუსტე საკმაოდ დააკლდა.

მე-14 წუთზე მასპინძლებმა საწადელს მიაღწიეს. თბილისელთა ნახევარზე დიდებულად გაისარჯა გიორგი ქიმაძე, რომელმაც ჩიხლაძეს აართვა ბურთი, შემდეგ მოწინააღმდეგემ კარის ხაზამდე გაინავარდა რამდენიმე მცველის გარემოცვაში და ზუსტადაც ჩაუწოდა რკინიგზელთა საჯარიმოში მყოფ შინდაგორიძეს, რომელმაც ბოძებული შანსი შეირგო და ზუსტი თავური დარტყმით კუპატაძეს კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა – 1:0.

ანგარიშში ჩამორჩენამ სტუმრები გააქტიურა. 21-ე წუთზე მათ უკვე კარგი მომენტი მიეცათ, როდესაც ქანთარიამ შორიდან ძლიერად დაარტყა და თევდორაძემ ნახტომში შეძლო ბურთის უკუგდება. დამატებაზე უბილავას ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მისი მოზომილი დარტყმა უმცირესი მანძილით აცდა ტორპედოელთა კარს. ცოტა ხანში სულთანიშვილის უხერხულად დარტყმულის აღება მოუხდა რევაზ თევდორაძეს. 36-ე წუთზე თბილისელთა რამდენიმესვლიანი კომბინაცია კარში დარტყმით დიასამიძემ დაასრულა, რომლის დროსაც იყოჩაღა ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა გიორგი ნერგაძემ, რომელმაც ფეხით მოიგერია ბურთი და საკუთარი გუნდი უსიამოვნებისაგან იხსნა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი ისევ დიასამიძე და ქანთარია აქტიურობდნენ, როდესაც ამ უკანასკნელმა შემობრუნებით დარტყმა ცადა, მაგრამ სიზუსტემ უმტყუვნა და “ტორპედო” შესვენებაზე მინიმალური უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარი სახიფათო მომენტების მხრივ გაცილებით მწირი გამოდგა. მართალია, თბილისელები ცდილობდნენ მოკლე გადაცემებით გაერღვიათ მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი, მაგრამ ამის გაკეთებას ახალგაზრდა რკინიგზელები ვერ ახერხებდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი ძირითადად ტორპედოელთა ნახევარზე იყვნენ, მაგრამ რეალური ხიფათის შექმნა მათ ვერ შეძლეს. უფრო მეტიც, 66-ე წუთზე ტაბატაძეს მიეცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მცველის დარტყმული კუპატაძის ხელებში აღმოჩნდა.

“ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა თუ არ ჩავთვლით შორეულ დარტყმებს, რომელთაც არანაირი პრობლემა არ შეუქმნია თევდორაძისათვის არაფერი ღირებული მეტოქის კართან არ შეუქმიათ. ქუთათურებს კი დროდადრო სახიფათო კონტრშეტევების საშუალება მიეცათ. დასამახსოვრებელი გახლდათ ის მომენტი როდესაც შინდაგორიძეს გაიჭრა მარცხენა ფლანგზე და იქედან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მან ზუსტი გადაცემის გაკეთება ვერ მოახერხა ვერც კვერნაძეზე და ვერც სიჭინავაზე, თორემ ანგარიში დიდი ალბათობით ორამდე გაიზრდებოდა. 77-ე წუთზე ბაბუნაშვილი ურტყამდა ოსტატურად მოწინააღმდეგის კარისკენ, მაგრამ ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა თბილისელთა კარის მარჯვენა ძელს.

მატჩის დასასრულისაკენ აშკარად გამოიკვეთა ქუთათურთა უპირატესობა, რომელთაც მეტი ენერგია ეტყობოდათ და ეს მეორე გატანილ გოლშიც გარდაისახა. სტუმრები თამაშგარეს გაკეთებისას შეცდნენ და ქუთაისელებს შანსი მიეცათ. სიჭინავა ბურთიანად შეიჭრა “ლოკომოტივის” საჯარიმოში და კარგ მდგომარეობაში მყოფ კვერნაძეს ზუსტად გაუკეთა გადაცემა. იმერთა ტანმაღალმა ფორვარდმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და ერთი შეხებით მეორედ შეარხია თბილისელთა კარის ბადე – 2:0. ამ გოლმა პროტესტის გრძნობა გამოიწვია ახალგაზრდა დიასამიძეში, რომელიც ასისტენტს შემოსწყრა და როგორც ჩანს უხეშადაც მიმართა, რასაც სილაგავასაგან წითელი ბარათი მოჰყვა. დარჩენილ დროში ერთადერთხელ შეიქმნა ხიფათი, როდესაც სიჭინავამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა რკინიგზელთა კარს. “ტორპედომ” კი გამარჯვებით დაასრულა წლეულს უკანასკნელი მატჩი საკუთარ მოედანზე. ქუთაისელი ქომაგები კი იმედოვნებენ, რომ მეორე წრეში გუნდი გაცილებით უკეთ ათამაშდება და იმ ადგილს დაიკავებს სატურნირო ცხრილში, რასაც დიდი ხანია ელიან.

“ტორპედო” – “ლოკომოტივი” 2:0 (1:0)

6 დეკემბერი. 14:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 1000 მაყურებელი

“ტორპედო”: თევდორაძე, ტაბატაძე, კირკიტაძე (კვერნაძე, 46), კლიმიაშვილი, ქიმაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე (ფურცხვანიძე, 85), ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, ნერგაძე, ბრეგვაძე (სიჭინავა, 60).

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი

“ლოკომოტივი”: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ჩიხლაძე, დიასამიძე, ხიდეშელი, ქიქავა, ქანთარია (გავაშელიშვილი, 67), სულთანიშვილი, ბენაშვილი (ართმერლაძე, 79), უბილავა.

მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი

გოლი: 1:0 შინდაგორიძე (14), 2:0 კვერნაძე (87).

გაფრთხილება: გეთიაშვილი (11), ქიმაძე (30), ქიქავა (32), ხიდეშელი (51), ბაბუნაშვილი (60).

გაძევება: დიასამიძე (87).

არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი)

0.113112