ფეხბურთი

3:48 | 6.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” განახევრებულმა “ვალენსიამ” შეაჩერა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის ცენტრალური დაპირისპირება “მესტალიაზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ვალენსიამ” გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” მიიღო და ორი ქულა დააკარგვინა.

მასპინძლები აღნიშნულ ჯახს საკადრო პრობლემებით შეხვდნენ. სამწვრთნელო ცვლილებების გარდა, კლუბს შემადგენლობის მხრივ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა. “ღამურებს” ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო, ათი მოთამაშე აკლდათ (ალვეში, ორბანი, მუსტაფი, კანსელო, ბარაგანი, ფუეგო, გომეში, როდრიგო, ფეგული და ნეგრედო), რომელთაგან ექვსი ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება. განსაკუთრებით პრობლემატური გახლდათ დაცვის მარჯვენა ფლანგი, სადაც ანტონიო ბარაგანისა და ჟოაო კანსელოს არყოფნის გამო რუბენ ვეზოს მოუწია თამაში, რომელმაც ყველაზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა მასპინძელთაგან, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. სამაგიეროდ, ბრწყინვალედ გაისარჯა ცენტრალური მცველი ადერლან სანტოსი, რომელმაც უშეცდომოდ ითამაშა და ბევრის გაოცება მოახერხა. ასევე, ძალიან კარგი იყო მისი ახალგაზრდა თანამემამულე დანილო ბარბოსაც, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია.

კატალონიელები “მესტალიას” რობერტოს, მატიეს, რაფინიასა და დუგლასის გარეშე ეწვივნენ, რაც ვალენსიელთა პრობლემების ფონზე არაფერია. ლუის ენრიკემ არსებული უპირატესობის გამოყენება სცადა და შეგირდებს იმ ფლანგიდან შეტევა დაავალა, სადაც ნომინალური ცენტრალური მცველი ვეზო თამაშობდა. მართლაც, მთელი შეხვედრის განმალობაში “ბარსელონას” შეტევის მარცხენა ფლანგი იტვირთებოდა და ნეიმარს ახალგაზრდა პორტუგალიელის წინააღმდეგ ძალიან კარგად გამოსდიოდა თამაში.

შეხვედრა არც თუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო და ბოლომდე ასე გაგრძელდა. “ღამურები” დაცვაში დადგნენ და კონტრშეტევებზე ააწყეს თამაში, ხოლო სტუმრები ტრადიციულად დიდხანს ფლობდნენ ბურთს და ლამაზი კომბინაციებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

პირველ ნახევარში მასპინძლებს რეალური მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა ერთ ეპიზოდში პიკეს მიერ ენცო პერესის წაქცევის გამო, პენალტის დანიშნვნას ითხოვდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

სტუმრებს რამდენიმე რეალური საგოლე შანსი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. სუარესი-მესი-ნეიმარის ტრიოს თითო 100%-იანი მომენტი შეექმნათ, მაგრამ კარგად ვერ გაისარჯნენ, ხოლო ივარ რაკიტიჩს ხაუმემ აუღო ძლიერი დარტყმული.

მეორე ტაიმი “ბარსელონასთვის” კარგად დაიწყო და 59-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა: ლიონელ მესის გადაცემა ლუის სუარესმა შეირგო და ახლო მანძილიდან გაიტანა. სამართლიანობა მოითხოვს, იმის აღნიშვნას, რომ ურუგვაელი ფორვარდი გადაცემის დროს თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და წესით, გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, მაგრამ ხაიმე ლატრემ სხვაგვარად განსაჯა.

გატანილი გოლის შემდგომ, “ბარსელონამ” ბურთის გორაობა დაიწყო და ბევრი მომენტი აღარ ჰქონია, თუმცა 74-ე წუთზე ნეიმარს ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ სხვაობის გაზრდა და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ ოდნავ ააცილა.

შეხვედრის ბოლო 15 წუთში კი, “ვალენსია” გააქტიურდა და თავდაცვის გარდა, შეტევაზეც დაიწყო ფიქრი. 79-ე წუთზე ძალიან კარგად ითამაშა როდრიგო დე პაულმა, რომელიც ნუნუ ესპირიტო სანტოსთან კონფლიქტის გამო, ორი თვე უთამაშებელი გახლდათ და ამის მიუხედავად, “ბარსელონასთან” მატჩში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. ახალგაზრდა არგენტინელმა ერთი მეტოქე ოსტატურად ჩამოიცილა და საჯარიმოს მისადგომებიდან ბრავოსთვის შორეულ კუთხეში ცდილობდა გატანას, მაგრამ მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა.

“ღამურების” მომდევნო შეტევა გატანილი გოლით დასრულდა: ზაქარია ბაკალიმ გრძელი გადაცემა გაუკეთა პაკო ალკასერს, რომელმაც მშვენივრად დაამუშავა ბურთი, ხერარდ პიკე გააცურა და დასარტყმელად დაუგორა სანტი მინას, რომელმაც “ვალენსიას” მაისურით პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეექმნა თითო მომენტი. დანილო ბარბოსას შორეული დარტყმა ბრავომ მოიგერია, ხოლო ლიონელ მესის ხაუმემ აჯობა - 1:1.

“ბარსელონამ” ლა ლიგაში ექვსმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და კონკურენტები მოიახლოვა, ხოლო “ვალენსიამ” 20 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჯახს ვალენსიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი გარი ნევილი ადევნებდა თვალს, რომელიც დღეიდან შეუდგება მუშაობას.

კატალონიური გრანდის წარუმატებლობით ისარგებლა მეორე ადგილოსანმა მადრიდის “ატლეტიკომ”, რომელმაც გასვლაზე “გრანადა” დაამარცხა და “ბარსელონასთან” სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. “როხიბლანკომ” დიეგო გოდინისა და ანტუან გრიზმანის გოლებით მოიგო. აღსანიშნავია, რომ “ლოს კარმენესზე” გამართულ მატჩში დიეგო სიმეონე 150-ედ გაუძღვა “ატლეტიკოს” ლა ლიგაში. არგენტინელი სპეციალისტის შედეგი ასეთია: 94 მოგება, 31 ფრე და 25 წაგება. ამ მატჩებში კლუბმა 259 გოლი გაიტანა და 111 გაუშვა.

ესპანეთის თასიდან მოკვეთილმა “რეალმა” შინ “ხეტაფე” მიიღო და მარტივად გაანადგურა. მასპინძლებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს: ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლით გარეტ ბეილი და კრიშტიანო რონალდუ გამოირჩნენ. მეორე ნახევარში “ბლანკოსი” გაჩერდა და ძალების დაზოგვა დაიწყო, რითაც ალექსის რუანომ ისარგებლა და 70-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა.

დღის დასკვნითი მატჩები ანდალუსიურ-გალისიური ჯახები გამოდგა და ორივე ერთნაირი ანგარიშით 1:1 დასრულდა. “დეპორტივომ” “რიასორიდან” გაატანა ქულა “სევილიას”, ხოლო “ბეტისი” “ბენიტო ვილამარინზე” მთელ მეორე ნახევარში 10 კაცით მოთამაშე “სელტას” დაუზავდა.

რეალი – ხეტაფე 4:1 (4:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, პეპე (არბელოა 87), დანილო, ლ.ვაზკესი, კროოსი, მოდრიჩი (კოვაჩიჩი 62), ხამესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ხესე 78).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ხეტაფე (4-1-4-1): გუაიტა, ალექსისი, კალა, ლაგო, დ.სუარესი, ლასენი, ვ.როდრიგესი (მენსა 80), სარაბია, ლაფიტა, ვანდერსონი (ლეონი 62), ა.ვაზკესი (სცეპოვიჩი46).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0;2:0 ბენზემა (4;16), 3:0 ბეილი (35), 4:0 რონალდუ (38), 4:1 ალექსისი (70)
გაფრთხილებები: დანილო
მსაჯი:
მატეუ ლაოსი

გრანადა – ატლეტიკო

გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-3-3): ა.ფერნანდესი, ლომბანი, ბაბინი, ფოლქიერი, ბირაგი, რ.პერესი, ფ.რიკო (პიტი 77), როჩინა, საკსესი, პენარანდა (იბანესი 63), ელ არაბი (ნ.ლოპესი 80).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, საული (ო.ტორესი 63), კოკე, კარასკო (ტეიე 80), ფ.ტორესი, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 გოდინი (20), 0:2 გრიზმანი (76)
გაფრთხილებები: ფოლქიერი, ფ.რიკო - საული
მსაჯი:
პრიეტო იგლესიასი

ვალენსია - ბარსელონა 1:1 (0:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): დომენეში, სანტოსი, აბდენური, ვეზო, გაია, ბარბოსა, ე.პერესი (ბაკალი 73), პარეხო, დე პაული (პიატი 83), მინა (ტროპი 88), ალკასერი.
მწვრთნელი: სალვადორ გონსალეს ვორო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 სუარესი (59), 1:1 მინა (86)
გაფრთხილებები: პარეხო, დანილო, გაია - მასკერანო
მსაჯი:
ხაიმე ლატრე

დეპორტივო – სევილია 1:1 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ფ.ნავარო, ხუანფრანი, მოსკერა, ბერგენტინოსი, კანი (ლაურე 60), ლუისინიო (ფაჟრი 69), რიერა (ხ.როდრიგესი 11), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი (იბორა 71), კრიხოვიაკი, კრონ-დელი, ვიტოლო (რეიესი 56), კონოპლიანკა (ლორენტე 56), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 ლ.პერესი (22), 1:1 იბორა (76)
გაფრთხილებები: კანი, მოსკერა – კოლოძიეჩაკი, კრიხოვიაკი, იბორა
მსაჯი:
რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა

ბეტისი – სელტა 1:1 (0:1)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-2-3-1): ხიმენესი, ბ.გონსალესი, ვესტერმანი (ვან დერ ვაარტი 75), პიცინი, ვარელა, ნ’დიაიე (ვადილიო 63), პეტროსი, სებალიოსი, სეხუდო (მოლინა 55), ხოაკინი, რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ხონი, კაბრალი, მალიო, პლანასი, ვასი, ა.ფერნანდესი, ბონგონდა (ალენდე 51), ორელიანა, ნოლიტო (გუიდეტი 88), ასპასი (ბ.ფერნანდესი 77).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 ბონგონდა (25), 1:1 მოლინა (82)
გაფრთხილებები: ბ.გონსალესი, ნ’დიაიე, პეტროსი, მოლინა, სებალიოსი – ბონგონდა, პლანასი, მალიო, ნოლიტო
გაძევება: ხონი (48)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.33327