უკრაინაში ქართველთა გუნდებმა უკლებლივ მოიგეს: ჯაბა ლიპარტუას “ზორიამ” სტუმრად 2:0 აჯობა “ვორსკლას” და მესამე ადგილზეა. ლიპარტიამ 83 წუთი ითამაშა. სანდრო კობახიძის “ვოლინმა” გასვლაზე 1:0 აჯობა “დნიპროს” და მეხუთეზეა. სანდრომ იმ კლუბის წინააღმდეგ ითამაშა, რომელსაც ეკუთვნის და როგორც ხედავთ, იმარჯვა კიდეც. ქართველმა შემტევმა თითქმის მთელი მატჩი ჩაატარა, ზედ საფინალო სასტვენის წინ დროის გაყვანის მიზნით შეცვალეს. კობახიძე საკმაოდ აქტიური გახლდათ.
“ოლექსანდრიამ” კი ასევე სტუმრად 2:1 სძლია “ჰოვერლას” და მეცხრე საფეხურზეა. “ოლექსანდრიას” მაისურით 84 წუთი ითამაშა დავით თარგმაძემ და კვლავაც ერთ-ერტი ყველაზე აქტიური იყო თავისიანთა შორის.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “ფრაიბურგმა” “უნიონ ბერლინს” 3:0 მოუგო და ლიდერია. ლუკას ჰუფნაგელი 85-ე წუთზე შევიდა მინდორზე. მესამე ლიგაში კი გიორგი პაპუნაშვილმა 84 წუთი ითამაშა “აალენთან”: პაპუნაშვილის “ვერდერი II” აგებდა და ფრედ დაასრულა შეხვედრა – 1:1. ქართველის დიდი წვლილიცაა ამ გოლში. მისი აქტიურობის შემდეგ, “აალენის” ფეხბურთელმა ავტოგოლი მიითვალა.
კვიპროსზე გიორგი აბურჯანიასა და ირაკლი მაისურაძის “ანორთოსისი” გალიდერდა, რადგან 2:0 მოიგო “პარალიმნისთან”, ხოლო აქამდე პირველ ადგილზე მყოფმა აპოელ-მა შინ 0:1 წაგო “აპოლონთან”. თემურ ქეცბაიას გუნდი ამჯერად მეორეზეა და “ანორთოსისს” ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა აეკ ლარნაკას სათამაშო აქვს და თუ მოიგო, ქეცბაიას გუნდი მესამეზე გადავა.
“ანორთოსისის” ქართველებს რაც შეეხებათ, მაისურაძემ სრულად ითამაშა, ხოლო აბურჯანიამ 65-ე წუთამდე.
სლოვაკეთში “სენიცა”-“მიხალოვცე” 1:1 დასრულდა. სტუმართა შორის შეუცვლელად იასპარეზა აკაკი ხუბუტიამ. “მიხალოვცე” ბოლოდან მესამე ადგილზეა.