ძიუდო

13:02 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჰიმნი ტოკიოში

ტოკიოში მიმდინარე გრან სლემზე მამაკაცებს შორის შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში შეივსო საპრიზო სამეულები. საქართველოს ნაკრების 11 წევრიდან კი საქმეში 6 ჩაერთო და 2 მათგანი პოდიუმზეც ავიდა. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირი წაუგებლად ჩაატარა და ძიგორო კანოს მემორიალზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. 73 კილოგრამში კი ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა.

ჭრიკიშვილი ტოკიოში მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში ჩავიდა. იაპონურ ტატამზე ყველა მისი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის – იაპონელი ტაკენორი ნაგასეს ფინალს ელოდა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლამდე მხოლოდ ქართველი მივიდა. ნაგასემ კი უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მას შემდეგ, რაც სამხრეთკორეელ სეუნგსუ ლისთან შეხვედრაში ფეხში შესვლის გამო მოხსნეს.

საქართველოს 2013 და 2014 წლების საუკეთესო სპორტსმენმა გრან სლემის საჩემპიონო ბრძოლაში სწორედ ნაგასეს მომგებ კორეელს აჯობა და მეორე საჭიდაო დღე საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ჭრიკიშვილმა ლის უილეთო შეხვედრაში, ორი შიდოთი მოუგო და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა (VIDEO).

ფინალის გზაზე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. იაპონელ კეიტა ნაგაშიმას ვაზარით აჯობა, ჰოლანდიელ ფრანკ დე ვიტსა და საბერძნეთის ნაკრების წევრ რომან მუსტოპულოსს – სუფთა გდებებით, ხოლო სამხრეთკორეელ კი-ჩუნ ვანგს – იუკოთი.

ნუგზარ ტატალაშვილმა რეპეშაჟის ფინალში თანაგუნდელ ლაშა შავდათუაშვილს ზედ საფინალო გონგისას შესრულებული ვაზარით (და ერთი გაფრთხილების უპირატესობით) სძლია და ბრინჯაოს და 200 ქულას დაეუფლა. შავდათუაშვილმა კი მე-5 ადგილით 100 ქულა შეიმატა.

მეორე ნომრად განთესილმა ნუგზარ ტატალაშვილმა გრან სლემი პორტუგალიელი ხორხე ფერნანდესის იპონით ძლევით გახსნა. იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს იუკოთი გასცდა. ევროპის 2013 წლის ჩემპიონს - სლოვენიელ როკ დრაკშიჩს მაშინდელ ფინალში განცდილი მარცხისთვის კიდევ ერთხელ აუღო რევანში. ამჯერად მესამე წუთზე გააკრა ტატამს. ოქრო-ვერცხლის შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, კიდევ ერთ იაპონელთან – ჰიროუკი აკიმოტოსთან წაგებით. უილეთოდ ჩაჭიდავებულ 5 წუთის შემდეგ, ფინალის საგზურის ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა.

ლაშა შავდათუაშვილმა ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის ნაკრების წევრ კიოში უემაცუს იუკოთი გასცდა, ეგვიპტელ მუჰამედ მოიელდინს ორწუთნახევარში მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში კი პირველ ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანთან შეხვედრაში პირველი წუთის მიწურულს ბეჭებზე დავარდა და ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, სადაც ტატალაშვილთან დაჭიდებამდე კანადელ არტურ მარგელიდონს აჯობა, უილეთო ბრძოლაში, ერთი შიდოს უპირატესობით (1:2).

დღესვე, გრან სლემის კონკურენციაში უშანგი მარგიანიც (81 კგ) ჩაერთო. კარგადაც დაიწყო - ჩერნოგორიელი სრჟან მრვალიევიჩი იპონით ჩამოიშორა, ხოლო კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი - ვაზარით. ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა, მომავალ ფინალისტ სეუნგსუ ლისთან უშანსოდ წაგებით. რეპეშაჟის ნახევარფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსთან დასაჭიდებლად მარგიანი ტატამზე აღარ გავიდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს და 80 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ძიგორო კანოს მემორიალი ხვალ დასრულდება. დასკვნით საჭიდაო დღეს კაცებში ჩემპიონ-პრიზიორები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. 90 კილოგრამში საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს, რომელიც ტურნირზე მეორე ნომრადაა განთესილი და საქმეში მეორე წრიდან ჩაებმება, სავარაუდოდ იაპონელ იუია იოშიდასთან შეხვედრით.

იაპონურ ტატამზე ბექა ღვინიაშვილიც გავა, ოღონდ ამჯერად ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა - 100 კილოგრამში მოსინჯავს ძალას და შესაძლოა, მომავალი სეზონიც იქვე დაიწყოს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების მოსაგროვებლად.

წილისყრამ ღვინიაშვილიც მეორე წრეში განთესა. პირველ მეტოქედ კი შვედი მარტინ პაცეკი არგუნა. 100 კილოგრამში საქართველოს ნაკრებს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლაშა გურულიც წარადგენს, რომელიც ტურნირს ფრანგ სირილ მარესთან დაპირისპირებით გახსნის.

მძიმე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი იჭიდავებენ. ოქრუაშვილი გრან სლემზე მეორე ნომრადაა განთესილი და საწყის ბრძოლაში იაპონელ დაიკი კამიკავასა და ვენესუელელ პედრო პინედას შორის მოგებულს დაეჭიდება. ლევან მატიაშვილის პირველი მოწინააღმდეგე კი ბელგიელი ბენჟამინ ჰარმენიესისა და ეგვიპტელი აჰმედ ვაჰიდის ბრძოლაში გამოვლინდება.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით ღამის 04:30-ზე დაიწყება.

ძიუდო

გრან სლემი

ტოკიო

4-5 დეკემბერი

კაცები

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)

3 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ტორუ შიშიმე (იაპონია)

66 კგ

1 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

2 მასაში ებინუმა (იაპონია)

3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

73 კგ

1 ჰიროუკი აკიმოტო (იაპონია)

2 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

2 სეუნგსუ ლი (სამხრეთ კორეა)

3 ტაკენორი ნაგასე (იაპონია)

3 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)

7 უშანგი მარგიანი (საქართველო)

0.118619