ფეხბურთი

2:30 | 5.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" ლიანდაგზე ბრუნდება, დიბალა - ტევესის მემკვიდრე (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XV ტური ცენტრალური მატჩით დაიწყო, რომელშიც ტურინის “იუვენტუსმა” რომის “ლაციოს” მისსავე მოედანზე მოუგო. როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საბოლოოდ დაძლია კრიზისი. ყოველშემთხვევაში, “იუვემ” კალჩოში მიჯრით მეხუთე მატჩი მოიგო და უკვე “რომას” მოპოვებული ქულებითაც გაუთანაბრდა.

“სტადიო ოლიმპიკოზე” “ბებერ ქალბატონს” განსაკუთრებულად ფეერიული თამაში არ უჩვენებია, მაგრამ დიდებულად გაისარჯა არგენტინელი პაულო დიბალა, რომელიც ნელ-ნელა ტურინელ ტიფოზებს კარლოს ტევესს ავიწყებს. სწორედ 21 წლის სამხრეთამერიკელის საოცამა თამაშმა განაპირობა “იუვეს” წარმატება რომში. ყველაფერი კი პირველ ტაიმში გადაწყდა – ჯერ მე-7 წუთი იყო, როცა ალექს სანდროს აქტიურობის შემდეგ “ლაციოს” მცველებმა უხეიროდ ითამაშეს და ბურთი დიბალას ჩააბარეს, რომლის გამჭოლ გადაცემას მისივე თანამემამულის, ჯენტილეტის ავტოგოლი მოჰყვა. ტაიმის მიწურულს კი დიბალამ შორიდან გაისროლა: გოლი კი ნამდვილად შედევრი გამოვიდა, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ათასჯერ ნათქვამს, ერთხელ ნანახი სჯობსო... ასეცაა, დიბალას გოლის ნახვა ერთ რამედ ღირს. მეორე ტაიმში კი აღარაფერი შეცვლილა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “იუვენტუსი” ლიდერებს კიდევ უფრო მიუახლოვდა. სამაგიეროდ, “ლაციოა” შავ დღეში. სტეფანო პიოლის გუნდს უკვე 25 ოქტომბრის მერე არ მოუგია და “არწივების” თავკაცის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“ლაციო” – “იუვენტუსი” 0:2 (0:2) (მიმოხილვა)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, ჯენტილეტი, რადუ; ბილია, პაროლო; კანდრევა (ანდერსონი 46), მილინკოვიჩ-სავიჩი (მატრი 69), კიშნა (კეიტა 46); კლოზე

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი, სტურარო, მარკიზიო, ასამოა (ევრა 69), ალექს სანდრო; მანჯუკიჩი (მორატა 82), დიბალა (კუადრადო 80)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 ჯენტილეტი (7, ა.გ), 0:2 დიბალა (32)

გაფრთხილება: ჯენტილეტი (15), მაურისიო (37), რადუ (45), კლოზე (84) – მანჯუკიჩი (26), ალექს სანდრო (68), ევრა (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 5 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

თეგებისერია A
0.137298