ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის პირველ სათამაშო დღეს რვა შეხვედრა გაიმართება. გამოკვეთილად გამორჩეული შეხვედრა არცერთს ეთქმის, თუმცა რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართება. ყველაზე მეტ ინტერესს ალბათ “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი დაპირისპირება იწვევს, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სეზონში ძლიერი კლუბების რისხვას “ვესტ ჰემს” უმასპინძლებს.
“იუნაიტედი” პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა და ლიდერთა დუეტს მხოლოდ ქულით ჩამორჩება, თუმცა გულშემატკივრები საყვარელი კლუბის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არიან და სამართლიანადაც. ლუის ვან გაალის გუნდი სასურველი ასპარეზობისგან აშკარად შორსაა და ძირითადად კლასისა თუ მოთამაშეების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებს ქულების დაგროვებას.
“მანჩესტერს” სამშაბათს უმნიშვნელოვასი მატჩი ელის ჩემპიონთა ლიგაზე. “წითელი ეშმაკები” გასვლაზე “ვოლფსბურგს” დაუპირისპირდებიან და ვერ მოგების შემთხვევაში, დიდი შანსია ჯგუფში ჩარჩნენ (პსვ-მ თუ ცსკა-ს მოუგო პარალელურ მატჩში). ამიტომაც, შესაძლოა ხვალ გასამართ შეხვედრაში ძალების დაზოგვითაც ითამაშონ, რაც მეტოქის წისქვილზე ასხამს წყალს.
მასპინძლები ტრავმების გამო ჯონსს, როხოს, შოუს, ვალენსიასა და რუნის მოისაკლისებენ.
მიმდინარე სეზონში “ვესტ ჰემი” ყველასთან ისე რომ თამაშობდეს, როგორც ძლიერ კლუბებს ეთამაშება მინიმუმ სამეულში იქნებოდა, თუმცა “ჩაქუჩებს” მისი დონის და უფრო სუსტ გუნდებთან თამაში უჭირთ და მხოლოდ მე-8 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სლავენ ბილიჩის შეგირდებმა “არსენალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული” და “ჩელსი” დაამარცხეს.
ლონდონელებს ენერ ვალენსია, დიაფრა სახო და დიმიტრი პაიე ჰყავთ ტრავმირებულნი.
სავარაუდო შემადგენლობები
ვესტ ჰემი (4-1-4-1): ადრიანი, რიდი, ოგბონა, ჯენკინსონი, კრესველი, ნობლი, ლანცინი, კუაიტე, მოზესი, ზარატე, კეროლი.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, დარმიანი, იანგი, შვაინშტაიგერი, შნედერლენი, დეპაი, მატა, ლინგარდი, მარტიალი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
სხვა მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს “მანჩესტერ სიტის” “სტოკთან” საგარეო მატჩი იწვევს. პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერს შემადგენლობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს. “ბრიტანია სთედიუმზე” ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ: ტურე, აგუერო, ზაბალეტა, კომპანი, მანგალა და ნასრი. სამაგიეროდ, “სიტის” ჯო ჰარტი და დავიდ სილვა დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება მასპინძლთა დანაკლისს, “დურგლებს” კრაუჩი, მუნიესა, ოდემვინგე და გივენი არ ეყოლებათ.
სავარაუდო შემადგენლობები
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, ვოლშაიდი, შოუკროსი, ჯონსონი, პიტერსი, ველანი, ადამი, არნაუტოვიჩი, შაქირი, აფელაი, უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, დემიჩელისი, ოტამენდი, სანია, კოლაროვი, ფერნანდო, ფერნანდინიო, სილვა, სტერლინგი, ნავასი, ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
გათამაშების მთავარი სენსაცია “ლესტერი” გასვლაზე “სუონსის” შეხვდება და საოცარი სერიის გაგრძელებას შეეცდება. ყურადღების ცენტრში კვლავ ჯეიმი ვარდი იქნება – მისგან ზედიზედ მე-12 მატჩში გატანილ გოლს მოელიან.
ლონდონის “არსენალი” პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს “სანდერლენდს” მიიღებს, რომელიც ორ წამყვან მოთამაშეს სებასტიან ლარსონსა და ჯერმეინ დეფოს მოისაკლისებს, რაც მათ ისედაც მიზერულ შანსს კიდევ უფრო ამცირებს.
ლონდონის “ჩელსი” შინ “ბორნმუთს” მიიღებს და ეცდება, რომ გასავარდ ზონას კიდევ უფრო მოშორდეს, ხოლო კიდევ ერთი ლონდონური კლუბი “ტოტენჰემი”, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ არ წაუგია, გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩს” შეხვდება.
დღის განრიგი ასეთია:
16:45 სტოკი - სიტი
19:00 იუნაიტედი – ვეტ ჰემი
19:00 არსენალი – სანდერლენდი
19:00 სუონსი – ლესტერი
19:00 ვესტ ბრომვიჩი – ტოტენჰემი
19:00 საუთჰემპტონი – ასტონ ვილა
19:00 უოტფორდი – ნორვიჩი
21:30 ჩელსი - ბორნმუთი