არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები უცნაური ფაქტის გამო ჩაიშალა. ამ სამხრეთამერიკული ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის თავკაცობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა - “სან ლორენსოს” ვიცეპრეზიდენტ მარსელო ტინელის კონკურენციას უწევდა “არგენტინოს ხუნიორსის” პრეზიდენტი ლუის სეგურა. კენჭისყრის შედეგად ორივემ თანაბარი რაოდენობის ხმები (38-38) დააგროვა და ამაში ერთი შეხედვით გასაკვირი თითქოს არაფერია, თუმცა საქმე ისაა, რომ ხმის მიცემის პროცედურაში 75-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.
როგორ შეძლეს არგენტინული ფეხბურთის მესვეურებმა 75-ის ორზე ისე გაყოფა რომ 38 მიიღეს, ეს არითმეტიკის ფარგლებს სცდება, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ახლა არჩევნების თავიდან ჩატარება მოუწევთ.