ფეხბურთი

13:00 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული მოედნები - შაგრენის ტყავის ანალოგი

15 წლის წინ, თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ბოლქვაძემ საფეხბურთო სკოლა შექმნა მშობლიურ რუსთავში, “შევარდენი” დაარქვა და ბავშვების აღზრდას მიჰყო ხელი, სამი ათასამდე ბავშვმა გამოიარა ეს სკოლა და ბევრმა უმაღლეს ლიგაში ითამაშა - ვალერი კილასონია, კახი კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, ვასიკო აფციაური, გიორგი ჭანკოტაძე, შოტლანდიაში წავიდა სკოლის აღზრდილი დაჩი ხუციშვილი, პირველ ლიგაში ხომ თვლა არა აქვს... 2002 წელს “შევარდენმა” დანიაში 1000 გუნდიან პირველობა “დანა კაპზე” ყველა თამაში მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა, მათი თავდამსხმელი ბექა ზაქრაძე კი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ყოველწლიურად სკოლაში ხუთასი ბავშვი დადიოდა, მაგრამ დრო შეიცვალა, ქართული კანონმდებლობის ამბავი ხომ იცით - საქართველოში რესტორანს და საფეხბურთო სკოლას წყლის, მიწისა და ქონების ერთნაირ გადასახადი აქვთ... გაჭირვებამ და უსახსრობამ კი ბევრი მშობელი იძულებული გახადა სკოლიდან წაეყვანა ბავშვი... მოკლედ, საფეხბურთო სკოლა "შევარდენი" რომ არ დაეხურა, მალხაზ ბოლქვაძემ ორჯერ გამოისყიდა ბანკიდან, საკუთარი ბინაც კი ჩადო ბანკში, მაგრამ ვალები ვალებს დაემატა და სკოლა დახურვის პირას აღმოჩნდა.

არადა ახლა სკოლაში 130 ბავშვი დადის, რომელთაც 6 მწვრთნელი ავარჯიშებს, ორსართულიანი საკმაოდ კარგი ოფისია, გასახდელები, პარკინგი, ორი მინი-მოედანია, იქვეა მესამე მოედანიც, რომელიც განათლების სამინისტროს ბალანსზეა. აქ მართლა შეიძლება კარგი საფეხბურთო აკადემიის გაკეთება, მაგრამ ქართველ ბიზნესმენებს საცხოვრებელი კორპუსები არ ურჩევნიათ? ასე რომ, მალე, შუაგულ რუსთავში თუ რამე არ შეიცვალა, საფეხბურთო სკოლა “შევარდენიც” გაქრება და მის ადგილზე ქართული დღევანდელობის მახინჯი პირმშო - უსახური კორპუსი წამოიმართება, რომელშიც მცხოვრები ბავშვები კომპიუტერშიღა თუ ითამაშებენ ფეხბურთს...

მამუკა კვარაცხელია

0.141438