რუსეთის პრემიერლიგის XVIII ტურში სარანსკის “მორდოვია” შინ გროზნოს “ტერეკს” დაუზავდა – 0:0. მასპინძელთა შორის ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა ნუკრი რევიშვილმა, 5 სეივი შეასრულა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. სათადარიგო იყო მცველი მამუკა კობახიძე, ასევე არ უთამაშია გროზნოელთა შორის თედორე გრიგალაშვილს, ვინც 90 წუთი სკამზე გაატარა. “მორდოვიამ” 2015 წელი პრემიერლიგის მე-15 საფეხურზე დაასრულა 14 ქულით. მომდევნო თამაშს სარანსკელები დამდეგი წლის 1 მარტს, “უფასთან” გამართავენ.
საბერძნეთის თასზე გიორგი მერებაშვილის “ვერიამ” სახლში 1:0 მოუგო “კალითეას”. გამარჯვებულთა შორის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა შემტევი გიორგი მერებაშვილი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს.
დანიის I დივიზიონში “სილკებორგის” რიგებში არ უთამაშია თავდამსხმელ დავით სხირტლაძეს. მისი ახალი გუნდი კი საკუთარ მოედანზე “ჰორსენს” დაუზავდა – 1:1. “სილკებორგს” 28 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.