ძიუდო

10:16 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მსუბუქებმა მძიმედ დაიწყეს

თბილისის დროით გამთენიას, ტოკიოში ძიუდოში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი – ძიგორო კანოს სახელობის გრან სლემი დაიწყო. ესაა სეზონის ბოლო დიდი შეჯიბრი, რომელშიც 91 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც. ირაკლი უზნაძემ განაცხადი გუნდის ლიდერებით დააკომპლექტა, რომლებმაც წინასაშეჯიბრო შეკრება იაპონიაში გაიარეს.

უკვე ჩაერთნენ საქმეში 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, მაგრამ საპრიზო სამეული მათ გარეშე შეივსება, რადგან ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშნენ. დაუძლეველი ზღუდე ორივესთვის იაპონელი მეტოქე აღმოჩნდა.

პაპინაშვილი გრან სლემზე მეორე ნომრად იყო განთესილი. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ლიბანელ დამიენ ზიადს წუთნახევარში მოუმთავრა საქმე. შემდეგ კი დაი აოკისთან სამწუთნახევარში მახრჩობელათი წააგო.

ჩხვიმიანმაც მეორე წრით და მექსიკელი სესარ რამოსის იპონით ძლევით დაიწყო. ნაოჰიშა ტაკატოსთან კი უილეთო შეხვედრაში ორი გაფრთხილებით დამარცხდა.

დღესვე, მედლები მამაკაცთა შორის 66 კილოგრამშიც უნდა გათამაშდეს, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს.

ხვალ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 81 კგ) გავლენ, ხოლო ზეგ: ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა გურული (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

ძიგორო კანოს მემორიალის ჩემპიონები ოქროს მედლებთან ერთად 500-500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს კი 300 და 200 ქულა ერგებათ.

0.118652