ფეხბურთი

19:12 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები (1997 და უმცროსები): მეტოქეებზე
პრემიერლიგისა და პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელებთან

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში ესპანეთის, ინგლისისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს ჯგუფში. ჯგუფიდან ერთი გუნდი გავა ფინალურ ეტაპზე, რომელიც ივლისში გერმანიაში ჩატარდება.

ესპანეთში ჩატარდება ელიტრაუნდის ჩვენთვის საინტერესო ჯგუფის შეხვედრები. ესპანეთი, როგორც 2015 წლის ევროპის ჩემპიონი, პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ თამაშობდა და პირდაპირ დაუშვეს ელიტრაუნდში. რაც შეეხებათ ინგლისსა და საბერძნეთს, მათზე ცოტა ვრცლად დავწერთ:

ინგლისი (პირველი ადგილი, 7 ქულა, ბურთები 3:0): მაკედონიასთან 2:0, ფინეთთან 1:0, იტალიასთან 0:0. ჩატარდა მაკედონიაში.

ნაკრების მწვრთნელი ეიდი ბოტროიდი გახლავთ. ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი დომინიკ სოლანკე. ის ფორვარდია და “ვიტესის” 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა. სოლანკე “ჩელსიდან” არის განათხოვრებული.

“ვიტესში” ასევე “ჩელსიდანაა” განათხოვრებული კიდევ ერთი ინგლისელი ფორვარდი ისაია ბრაუნი, თუმცა ის სოლანკესავით კარგად ვერ თამაშობს.

აღსანიშნავია ფორვარდი პატრიკ რობერტსი, რომელმაც “მანჩესტერ სიტის” მაისურით 4 მატჩი ჩაატარა, მეტწილად კი უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. პრემიერლიგაში უკვე ითამაშა ნახევარმცველმა ჯოშ ონომამაც (“ტოტენჰემი”).

ტამი აბრაჰამი (“ჩელსი”) – აი, თავდამსხმელი, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამორჩეული იყო და უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაშიც გოლები გოლებზე გააქვს. ზედიზედ სამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

საბერძნეთი (მეორე ადგილი, 6 ქულა, ბურთები 3:5): ლიტვასთან 1:0, მოლდოვასთან 2:1, პორტუგალიასთან 0:4. ჩატარდა პორტუგალიაში.

მწვრთნელი იანის გუმასია – საბერძნეთის ნაკრების ყოფილი მცველი. გამოირჩევა ფორვარდი ლაზაროს ლამპრუ “პანათინაიკოსიდან” და მისი თანაგუნდელი მცველი ვასილის ევანგელუ. ბერძნებს მეტწილად 3 გუნდიდან ჰყავთ ფეხბურთელები: “პანათინაიკოსიდან”, აეკ-იდან და “ოლიმპიაკოსიდან”.

ესპანეთი: მათი მწვრთნელი ისევ ლუის დე ლა ფუენტე იქნება, რომელმაც 1996 წელს დაბადებულებს ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა და ამჯერად, ერთი წლით უმცროსებით შეეცდება ტიტულის მოპოვებას.

და შეგახსენებთ, ვასილ მაისურაძის ნაკრებმა თბილისში ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და მეორე ადგილზე გავიდა. ნაკრებმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა (გურამ გოშთელიანი) და მაინც გავიდა. წავაგეთ უელსთან 0:3, მოვუგეთ ალბანეთს 1:0 და ბოლო იყო ფრე ავსტრიასთან.

0.127256