რომის “ლაციოს” ბოსნიელმა ნახევარმცველმა სენად ლულიჩმა, გუნდის ვარჯიშისას, რომელიც დარბაზში ტარდებოდა, მარჯვენა ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო.
რომაული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ხელის ორი თითი მოიტეხა. გარდა ამისა, უსახელო თითი მტევანს ფატიურად სრულად მოწყდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო.
ამ საშინელი ინციდენტის შემდეგ, “არწივების” გამთამაშებელი კლინიკა Mater Dei-ში გადაიყვანეს, სადაც უსახელო თითის ფალანგის აღსადგენად ოპერაცია ჩაუტარდება და უნდა აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომელიც შუა თითის მოტეხვის შედეგად მიიღო. მას საავადმყოფოში დარჩენა 2-3 დღით მოუწევს, რის შემდეგაც მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს.
ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება ლულიჩი მოედანს, მაგრამ 2015 წლის ბოლომდე ის დანამდვილებით ვეღარ ითამაშებს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში სენადმა ერთი გოლი გაიტანა.