პრემიერლიგა, ლა ლიგა და ბუნდესლიგა იმ საფეხბურთო ლიგებს შეუერთდნენ, რომლებიც კორუფციულ სკანდალში ბოლომდე ჩაფლული ფიფას ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნას გეგმავენ.
ზემოთნახსენები სამეულის დამატების შემდეგ, “განდგომილი” ლიგების საერთო რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და ისინი უკვე მზად არიან ჩამოაყალიბონ ახალი მსოფლიო ასოციაცია - “ლიგების მსოფლიო ასოციაცია” (WAL) და სწორედ ის უნდა გახდეს ფიფას ალტერნატივა.
ახალმა ორგანიზაციამ მუშაობა იანვარში უნდა დაიწყოს და ფიფას პარალელურად იმუშაოს. საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტმა ფრედერიკ ტირეზიმ განაცხადა:
“მთელი მსოფლიოს პროფესიონალურ ლიგებს სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ საფეხბურთო მმართველობის აღდგენაში. ფეხბურთი არ მომკვდარა, მაგრამ მისი საერთაშორისო ინსტიტუტი მძიმედ ავადაა”.
მან დაამატა, რომ მთავარია, პროფესიონალური ლიგები ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილებების მიღებაში. მსოფლიო ლიგების ფორუმი პარიზში გაიმართა და მასში მონაწილეობა ფიფას პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატიდან ოთხმა მიიღო.