ფეხბურთი

19:22 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ნახევარფინალისკენ ნაბიჯი გადადგა

დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა ქუთაისში წვიმიანი ამინდის ფონზე შედგა. ტრადიციული მეტოქეების დაპირისპირებას სასურველი რაოდენობის მაყურებელი ვერ დაესწრო, რაც ცუდ კლიმატურ პირობებს უნდა დავაბრალოთ. ამ კლუბების საჩემპიონატო პაექრობაში თბილისური კლუბი არბიტრის მიერ კომპესირებულ დროში გადაურჩა წაგებას. მართალია, ეროვნულ პირველობაზე გუნდებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ ქართულ “ელ-კლასიკოში” ფავორიტი არ არსებობს მითუმეტეს, სათასო დაპირისპირებაში.

მნიშვნელოვანი მატჩის დაწყებისას ქუთაისელთა ქომაგებმა საკუთარ გუნდს ფეიერვერკი მოუწყვეს. მოწინააღმდეგეებმა პაექრობა საშუალო ტემპში დაიწყეს. ორივე გუნდი ცდილობდა ბურთზე კონტროლს დაწესებას, რათა საკუთარი კომბინაციები ეფექტურად წარემართათ, მაგრამ სადებიუტო წუთებმა ისე გაიარეს, ვერცერთმა გუნდმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. საქმე არც სახიფათო მომენტებამდე მისულა, რაშიც გარკვეული “წვლილი” ამინდს და სათამაშო მოედანსაც მიუძღვის.

შეხვედრის დაწყებიდან ორმოცი წუთი ისე გავიდა მეტოქეებს ერთმანეთის კარისკენ არ დაურტყამთ. 41-ე წუთზე კი პირველი ხიფათიც შეიქმნა, ისიც სტუმართა მხრიდან. თბილისელთა მრავალსვლიანი კომბინაცია, რომელშიც ლომის წვლილი იაშვილმა და კაკაბაძემ შეიტანეს, არაბულის ცაციათი დასრულდა, რომელიც თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტში წესით ახალგაზრდა ფორვარდს უკეთ გარჯა მართებდა, მაგრამ ბაჩანამ ცოტა უხერხულად დაარტყა და საგოლე სიტუაციაც განიმუხტა. იაშვილის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს ყველაზე მარდად გველესიანი დაუხვდა, მაგრამ ტანმაღალმა მცველმა ტორპედოელთა კარისკენ ზუსტად ვეღარ გაგზავნა და ბურთი მცირე მანძილით ასცდა თევდორაძის დასაცავ ობიექტს. ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ერთხელ შექმნეს ხიფათი, როდესაც გურულის ჩაწოდებულზე არაბული ცდილობდა თავურით გატანას, მაგრამ მისი დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა.

მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო. შედარებით სახიფათო იყო დინამოელთა იერიში, რომლის დროსაც იაშვილმა სწრაფი კონტრშეტევისას კარგი გადაცემა გაუკეთა ჭანტურიშვილს, მაგრამ დინამოელთა ნახევარმცველმა წამის მეასედით დააგვიანა და ხიფათიც განიმუხტა. მალევე კიტეიშვილმა გააკეთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან სახიფათო გამჭოლი გადაცემა, მაგრამ მის ამ მცდელობას სტუმართაგან ვერავინ გამოეხმაურა. ცოტა ხანში იაშვილმა გაუწია ასისტენტობა არაბულს, მაგრამ ბაჩანას თავური დარტყმა მეტისმეტად არაზუსტი გამოდგა.

დინამოელთა უპირატესობა მცირე ხანს გაგრძელდა. ქუთათურებმა მალევე შეძლეს სათამაშო წონასწორობის აღდგენა. ამაში წვლილი შეიტანა ტორპედოელთა თავკაცმა ალექსანდრე შტელინმაც, რომელმაც ვეტერანი ბაბუნაშვილის ნაცვლად საყრდენად ახალგაზრდა მამასახლისი გამოიყვანა. ამ ცვლილებამ გაამართლა და ქუთაისელთა მდგომარეობაც გამოსწორდა . მასპინძლებმა ბურთის ფლობის პროცენტიც გამოასწორეს, მაგრამ მეტოქის კარისკენ დარტყმა მაინც ვერ მოახერხეს. საპასუხო სვლა გააკეთა “დინამოს” გამოცდილმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ, რომელმაც თამაშში ჯიღაური და ქვილითაია ჩართო. გეგუჩაძის გადაწყვეტილებამ შედეგი მყისიერად გამოიღო. 77-ე თბილისელთა სწრაფი იერიში ლამაზ კომბინაციად გადაიქცა, რომელშიც მონაწილეობა იაშვილმა და კაკაბაძემ მიიღეს. ვეტერან ფორვარდის ჩინებული გადაცემის შემდეგ კაკაბაძემ ზუსტი გადაცემა გაუკეთა მოედანზე ახლადშესულ ქვილითაიას, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.

ცოტა ხანში სტუმრებს კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ ქვილითაიამ ბურთის ხეირიანად შეჩერება ვერ მოახერხა ტორპედოელთა საჯარიმოში. რამდენიმე წუთში კაკაბაძის ყუმბარისებური დარტყმა თევდორაძემ “ცხრიანიდან” ჩამოხსნა ბურთი. რაც შეეხება ქუთაისელებს, მათ მხოლოდ ერთხელ, 81-ე წუთზე ჰქონდათ დარტყმის მცდელობა, მაგრამ ბურთი ერთ-ერთ თბილისელს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. 89-ე წუთზე გურულის გადაცემის შემდეგ ქვილითაია გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ფორვარდმა ზუსტი დარტყმის განხორციელება ვერ შეძლო. არბიტრის მიერ დამატებულ დროში კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ნერგაძემ თავით დაუგდო კვერნაძეს, რომელმაც ვერ ისარგებლა თბილისელი მცველების დაბნეულობით და ხელსაყრელი მდგომარეობიდან დარტყმა ვერ მოახერხა. ამ შანსის გაშვებამ კი ქუთაისელთა მარცხი დააფიქსირა, რომელთაც ორი კვრის შემდეგ განმეორებით პაექრობაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, რათა შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლონ.

“ტორპედო” – “დინამო” 0:1 (0:0)

2 დეკემბერი. 17:00. ქუთაისი. “რამაზ შენგელია”. 2000 მაყურებელი

“ტორპედო”: თევდორაძე, ტაბატაძე, ბაბუნაშვილი (მამასახლისი, 57), კლიმიაშვილი, ქიმაძე, კუხიანიძე, ჭიჭინაძე, ნერგაძე, ბრეგვაძე (დათა სიჭინავა, 46), კირკიტაძე, შინდაგორიძე (კვერნაძე, 78).

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი

“დინამო”: ჰრდლიჩკა, გველესიანი, რენე ფერეირა, კიტეიშვილი (ჯიღაური, 72), ცინცაძე, გიორგი გურული, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, არაბული (ქვილითაია, 75), იაშვილი (ჯანელიძე, 81), კაკაბაძე.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლი: 0:1 ქვილითაია (77).

გაფრთხილება: შინდაგორიძე (57), არაბული (72).

არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)

0.333293