ფეხბურთი

16:54 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ვალენსია” გარი ნევილმა ჩაიბარა

ესპანურ “ვალენსიას” ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი გარი ნევილი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

40 წლის ინგლისელმა “ლოს ჩესთან” სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი. მისი წარდგენა “მესტალიაზე” ხუთშაბათს ესპანეთის დროით 16:00 საათზე მოხდება.

ნევილს “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი შაბათს ექნება. “ღამურები” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან.

“მოხარულნი ვართ, რომ ახალი მწვრთნელი ასე სწრაფად ვიშოვეთ. მას უმაღლესი გამოცდილება აქვს. ის ინგლისის ნაკრების მწვრთნელის მთავარი ასისტენტია და შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, როგორც ნაკრებში, ასევე “მანჩესტერ იუნაიტედში”.

ის ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა. მისმა პიროვნულმა თვისებებმა დაგვარწმუნა, რომ არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ სწორია. ის “ვალენსიას” სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს”, - განაცხადა “ღამურების” პრეზიდენტმა ლეიჰუნ ჩენმა.

“გახარებული ვარ, რომ “ვალენსიაში” მუშაობის საშუალება მექნება. ეს არის დიდი საფეხბურთი კლუბი, რომელსაც შესანიშნავი, ერთგული ფანები ჰყავს.

მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას და აღფრთოვანებული ვარ გამოწვევით” – ეს უკვე გარი ნევილის სიტყვებია.

გარი ნევილი ინგლისის ნაკრებში როი ჰოჯსონის ასისტენტია. ამის გარდა, სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველის “ვალენსიას” თავკაცად დანიშვნას “სელფორდ სიტის” თანამფლობელობას უკავშირებენ. აღნიშნული კლუბის აქციების 50% მილიარდელ პიტერ ლიმს ეკუთვნის, რომელიც “ვალენსიას” მფლობელია. “სელფორდ სიტის” აქციონერები ლიმის გარდა, რაიან გიგზი, ნიკი ბატი, გარი და ფილ ნევილები არიან.

როგორც იცით, “ვალენსიაში” ფილ ნევილიც მუშაობს, რომელიც ნუნუ ესპირიტო სანტოს ასისტენტი გახლდათ.

0.133551