წყალბურთში მსოფლიო ლიგაზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ჯგუფში ძალიან ძლიერ გუნდებთან (უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი) მოხვდა, ორი გასვლითი მატჩის შემდეგ, მესამე შეხვედრას თბილისში უმასპინძლა.
საბერძნეთთან (10:18) და უნგრეთთან (10:17) წაგების შემდეგ, ქართველი წყალბურთელები ასევე ორი წაგების მქონე რუმინეთთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებდნენ. ბურთების უკეთესი შეფარდებით საქართველო - მესამე, რუმინეთი კი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა.
შეხვედრა მაპინძელთა უპირატესობით დაიწყო. სტუმრები თავს კარგად იცავდნენ, უაღრესად სახიფათო კონტრშეტევებს ანხორციელებდნენ და თითქმის ყველა მათგანი გოლით სრულდებოდა. ეს ყველაფერი ჩვენი გუნდის მეკარის ხორვატი ლეგიონერის ივან სტრუიჩის ცუდი თამაშით იყო გამოწვეული, თუმცა პირველი მეოთხედი მაინც მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 4:2.
იგრძნეს რა რუმინელმა წყალბურთელებმა, რომ მეტოქის მეკარე მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა, კარში დარტყმებს მოუხშირეს, რამაც შედეგი გამოიღო. მათ მეორე მეოთხედი 4:2 მოიგეს და პირველი ტაიმი ფრედ (6:6) დასრულდა.
მეორე ტაიმი სტრუიჩმა კიდევ უფრო ცუდად ჩაატარა. ასეთი რამ სათამაშო სახეობებში თითქმის არ ხდება - მეკარემ ფაქტობრივად ყველა დარტყმული ბურთი გაუშვა. ასეთ შემთხვევაში მოგებაზე ფიქრი ფუჭი ოცნებაა. გასაკვირიც არაა, რომ მეტოქემ 13:11 იმარჯვა და ბოლო ადგილიც საქართველოს გადაულოცა.
მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ირაკლი ბართაიას:
-ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ერთი გუნდი გადის. იმდენად ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ჩვენი ძირითადი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობაა, სადაც ჩვენი მეტოქეები იტალიის, გერმანიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან. ამიტომაც, ამ ტურნირში ჩვენი ძირითადი მიზანი გამოცდილების მიღება და ოსტატობის ამაღლებაა.
-ასეთი ცუდი თამაშის შემდეგ რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ სტრუიჩის გუნდში დატოვება?
-ეს გუნდის მწვრთნელების ივან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის გადასაწყვეტია. ჩვენ მათ საქმეში არ ვერევით.
დღევანდელი შეხვედრით მსოფლიო ლიგის შესარჩევი ტურნირის პირველი წრე დასრულდა, ხოლო მეორე წრე 2016 წელს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება.
საქართველო-რუმინეთი 11:13 (4:2, 2:4, 2:4, 3:3)