იტალიური “ვერონას” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენებული ანდრეა მანდორლინის შემცვლელი ძალიან მალე იპოვნა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობას გამოცდილი სპეციალისტი ლუიჯი დელნერი დაიკავებს.
65 წლის მწვრთნელმა ვერონულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მისი წარდგენა თავის სამწვრთნელო შტაბიანად დღესვე მოხდება.
დელნერი ბოლოს “ჯენოას” წვრთნიდა და 2013 წლიდან უმუშევარი გახლდათ. მან სამწვრთნელო კარიერა 1985 წელს დაიწყო და ხანგრძლივი მოღვაწეობისას რამდენიმე ძლიერ კლუბშიც უმუშავია: “პორტოში” (2004 მხოლოდ ერთი თვით), “რომასა” (2004-2005) და “იუვენტუსში” (2010-2011), თუმცა ცუდი შედეგები ჰქონდა და მალევე უწევდა წასვლა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა მანდორლინის კვირას “ფროზინონესთან” განცდილი მორიგი მარცხი (2:3) აღარ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. “ვერონას” 14 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ბოლო ადგილზე იმყოფება და ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია.
მომდევნო ტურში “ვერონა” ლევან მჭედლიძის “ემპოლის” დაუპირისპირდება შინ.