ფეხბურთი

4:31 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დასაწყისიდან დასასრულამდე “სანჩეს პისხუანზე” – ესპირიტო “ვალენსიას” მწვრთნელი აღარაა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიმართა, სადაც კრიზისში მყოფი ორი კლუბი “სევილია” და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

რამხელა ფასი ჰქონდა აღნიშნულ მატჩში გამარჯვებას უნაი ემერიც კარგად აცნობიერებდა და ნუნუ ესპირიტო სანტოც. წარუმატებლობის შემთხვევაში მათ სამსახურის დაკარგვა ემუქრებოდათ და “სანჩეს პისხუანზე” უშეღავათო ბრძოლა გახლდათ მოსალოდნელი.

თუმცა, ეს მხოლოდ მოლოდინი გახლდათ, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული 90 წუთი ვიხილეთ. უნაი ემერიმ ვიზავი ყველა კომპონენტში დაჩაგრა და მისმა გუნდმა სრულიად დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ სევილიაში ცალკარა ვიხილეთ. მასპინძელი გუნდი მთელი შეხვედრის განმალობაში უტევდა, ხოლო სტუმრები მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდნენ.

უნაი ემერიმ მეტოქეს რამდენინმე სიურპირიზი შესთავაზა. მან განაპირა მცველები კოკე და ტრემულინასი არ ათამაშა და მათ ნაცვლად, მარიანო და ესკუდერო გაამწესა ძირითადში. ბასკი სპეციალისტის ეს სვლა აბსოლუტურად გამართლებული აღმოჩნდა და “დალაქებს” სწორედ ესკუდერომ მოაგებინა.

კვლავ არეული და არაპროგნოზირებული შემადგენლობა დააყენა ნუნუ ესპირიტო სანტომ. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ვინგერებზე უარი თქვა და ოთხი ცენტრალურ ნახევარმცველი დააყენა, რამაც აშკარად არ გაამართლა, ისევე როგორც “ატლეტიკოსთან” წაგებულ (2:1) მატჩში. ძალიან მოულოდნელი გახლდათ მიმდინარე ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერის ხაუმე დომენეშის თადარიგში დატოვება და მეტიუ რაიანის თამაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ავსტრალიელმა კიპერმა ძალიან კარგად ითამაშა და სტუმართაგან საუკეთესო გახლდათ.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მატჩის ბოლომდე ასე გაგრძელდა. პირველი სახიფათო ეპიზოდი ანდალუსიელებმა 28-ე წუთზე შექმნეს, ფერნანდო ლორენტემ ოდნავ ააცილა რაიანის კარს. ბასკ ფორვარდს ორ წუთში კვლავ შეეძლო გატანა, მაგრამ მის თავური რაიანმა მოიგერია. სტუმართა მდგომარეობა განსაკუთრებით 35-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც ველასკო კარბალიომ ჟოაო კანსელოს საკამათო სიტუაციაში მეორე ყვითელი აუფრიალა და “ვალენსია” 10 კაცით დატოვა. “ღამურები” ისედაც ძალიან მძიმედ გამოიყურებოდნენ და აქედან მოყოლებული, წინ წასვლაზეც აღარ ფიქრობდნენ, თუმცა პირველ ნახევარში გოლი არ გაუშვიათ.

შესვენებაზე უნაი ემერიმ შეგირდებს სწორი დავალებები მისცა. მან აქცენტი საკუთარი გუნდის შეტევების მარცხენა ფლანგზე გააკეთა, რადგანაც ჟოაო კანსელო ჰყავდათ გაძევებული. საპასუხოდ, ნუნუმ სანტი მინა შეცვალა და დაცვის მარჯვენა ფლანგზე რუბენ ვეზო გაამწესა, რომელიც ნომინალურად ცენტრალური მცველია, თუმცა პორტუგალიელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

მასპინძელთა პირველივე სახიფათო შეტევა მარცხენა ფლანგიდან დაიწყო და ის საბოლოოდ გატანილი გოლით დასრულდა. ევგენი კონოპლიანკამ იაქტიურა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მარიანოს მიუვიდა ბურთი და ბანეგა ჩართო იერიშში, რომელაც შესანიშნავი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ესკუდერო და მასაც დაახლოებით სამი-ოთხი მეტრიდან გატანა აღარ გასჭირვებია. “სევილიამ” დაწოლა განაგრძო და მე-60 წუთზე მარიანოს შეეძლო გატანა, მაგრამ კვლავ რაიანმა ივარგა. უკიდურესად ჭირდა ევგენი კონოპლიანკას შეჩერება, რომელთან გამკლავებაც რუბენ ვეზოს ძალიან უჭირდა. 66-ე წუთზე უკრაინელმა მშვენიერი გადაცემით ნ’ზონზი მოძებნა საჯარიმოში, მაგრამ ფრანგმა ზემოდან გადააცილა კარს. შეხვედრის ბედი საბოლოოდ 78-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც ხავი ფუეგომ მეორე გაფრთხილება მიიღო და “ვალენსია” უკვე 9 კაცით დარჩა მინდორზე. “სევილიას” არანაირი პრობლემა არ შექმნია და სრულიად დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა, თუმცა ანდალუსიელებს ნამდვილად უფრო დიდი სხვაობით მოგება შეეძლოთ ასეთი თამაშით. “ვალენსიას” 90 წუთის განმალობაში სერხიო რიკოს კარისკენაც კი არ დაურტყამს და არცერთი კუთხური არ მოუწოდებია. “ღამურებმა” წელს ბევრი სუსტი თამაში აჩვენეს, თუმცა ასეთი ჯერ არ უნახებიათ...

აღსანიშნავია, რომ “ვალენსიას” “სანჩეს პისხუანზე” 2010 წლიდან მოყოლებული მინიმუმ ერთ ფეხბურთელს უძევებენ. დღეს კი, ვალენსიელებმა “მიღწევა” გააუმჯობესეს და ორი წითელი ბარათით გამოირჩნენ.

მთავარი კი ბოლოსკენ მოვიტოვე, აღნიშნული მატჩის დასრულებისთანავე ნუნუ ესპირიტო სანტომ პრესკონფერენცია გამართა და დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. მან მადლობა გადაუხადა კლუბის მფლობელს პიტერ ლიმს და პრეზიდენტს ლეი ჰუნ ჩენს. აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივი გახლდათ “ვალენსიაში” მუშაობა და კლუბს სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ნუნუმ ვალენსიური კარიერა იქ დაასრულა, სადაც დაიწყო. ის “ვალენსიას” პირველად ოფიციალურ შეხვედრაში შარშან აგვისტოს სწორედ “სანჩეს პისხუანზე” გაუძღვა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 15 თვის შემდეგ კი ამავე სტადიონზეე გამართული თმაშის შემდეგ პორტუგალიელი “ლოს ჩეს” მწვრთნელი აღარაა.

41 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ვალენსიამ” 61 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 32 მოიგო, 16 ფრედ ითამაშა და 13 წააგო. ამ მატჩებში კლუბმა 104 გოლი გაიტანა და 59 გაუშვა.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, მადრიდის “რეალმა” გასვლაზე “ეიბარის” დამარცხება მოახერხა, ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა და კონკურენტები კიდევ უფრო წინ არ გაუშვა.

მადრიდელები მთელი შეხვედრის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. “რეალს” ტაიმი გარეტ ბეილის ზუსტმა თავურმა მოაგებინა, რომელმაც 43-ე წუთზე აიღო ბასკთა კარი. ბეილის გოლამდე, მადრიდელთა დაწინაურება რონალდუს შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რიესგოს ვერ აჯობა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მეორე ნახევარშიც ძალიან ხელსაყრელი ეპიზოდი გაატანა ქარს, თუმცა გოლი მაინც გაიტანა. მან 82-ე წუთზე ვაზკესის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი აქცია გოლად – 0:2.

“რეალი” 27 ქულით მე-3 ადგილზეა და თანაქალაქელ “ატლეტიკოს” ორი ქულით ჩამორჩება, ხოლო “ბარსელონას” ექვსით.

“ხეტაფემ” საკუთარ მოედანზე “ვილიარეალი” მიიღო და შინ უქულოდ გაუშვა. გოლების გატანა ლაფიტამ და ვაზკესმა შეძლეს – 2:0.

“ბილბაო” მადრიდში “რაიო ვალეკანოს” ესტუმრა და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. სამივე გოლი არიც ადურისის ანგარიშზეა – 0:3.

სევილია – ვალენსია 1:0 (1:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, მარიანო, ესკუდერო (კრონ-დელი 83), კრიხოვიაკი, ნ’ზონზი, ბანეგა, ვიტოლო, კონოპლიანკა (რეიესი 86), ლორენტე (იმობილე 69).
მწვრთნელი: უნაი ემერი

ვალენსია (4-3-3): რაიანი, სანტოსი, აბდენური, კანსელო, გაია, ფუეგო, პარეხო, ბარბოსა, პერესი (ფეგული 63) მინა (ვეზო 46), ალკასერი (ბაკალი 79).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლი: ესკუდერო (50)
გაფრთხილებები: რამი, მარიანო, ვიტოლო – კანსელო, გაია, აბდენური, ფუეგო
გაძევებები: კანსელო (35), ფუეგო (78)
მსაჯი:
ველასკო კარბალიო

ეიბარი – რეალი 0:2 (0:1)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-3-3): რიესგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, ხუნსა, კაპა, ესკალანტე, დ.გარსია, ადრიანი (ვერდი 70), ბერხონი (ჰაიროვიჩი 85), ინუი, ენრიჩი (არუაბარენა 86).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

რეალი (4-4-2): ნავასი, პეპე, ნაჩო, დანილო, კარვახალი (ბენზემა 85), კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი (კასემირო 79), ხამესი (ვაზკესი 65), ბეილი, რონალდუ.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1 ბეილი (43), 0:2 რონალდუ (82 პენ.)
გაფრთხილებები: მ.დოს სანტოსი, ესკალანტე, ვერდი – კოვაჩიჩი, პეპე, ბეილი, ვაზკესი
მსაჯი:
ხესუს ხილ მანსანო

ხეტაფე – ვილიარეალი 2:0 (1:0)

ხეტაფე, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ხეტაფე (4-4-2): გუაიტა, ალექსისი, კალა, ლაგო, დამიან სუარესი, ხ.როდრიგესი, ლასენი, სარაბია (ვანდერსონი 83), ლაფიტა (ვ.როდრიგესი 66), ვაზკესი (ბუენდია 74), სცეპოვიჩი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

ვილიარეალი (4-3-3): არეოლა, რუისი, ბაილი, გასპარი (რუკავინა 56), მარინი, ჯ.დოს სანტოსი, პინა, ტრიგეირასი, კასტილიეხო (დენის სუარესი 46), ლეივა (ბაკამბუ 64), სამუელი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 1:0 ლაფიტა (21), 2:0 ვაზკესი (51)
გაფრთხილებები: ლაფიტა, კალა, ხ.როდრიგესი, ლასენი – რუისი, ბაილი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი

რაიო ვალეკანო – ბილბაო 0:3 (0:2)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხ.კარლოსი, ამაია (ბებე 46), დ.ლორენტე, ტიტო, ნ.მარტინესი, ბაენა, ტრაშორასი, ხოზაბედი (მანუჩო 46), ემბარბა (ბანგურა 60), პ.ერნანდესი, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, ბალენსიაგა, დე მარკოსი, იტურასპე (ელუსტონდო 75), ბენიატი, ლ.მარტინესი (ბოვედა 79), უილიამსი (სან ხოსე 68), რ.გარსია, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: ადურისი (1;24 პენ;60)
გაფრთხილებები: ბაენა, ტრაშორასი, ნ.მარტინესი, ტიტო
გაძევება: ლაპორტე (64)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.25625