“უკეთუ თვალი შენი მარჯვენე გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე და განაგდე შენგან, უკეთუ მარჯუენე ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე... რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაითა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი” - მათე 5,29.
ალბათ მართლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ფიფა-უეფაში ბოლო დროს მიმდინარე ამბები, დაწყებული გამოძიება და მაღალჩინოსნების დაკითხვები, საბოლოო ჯამში მხოლოდ მცირეხნიან ეფექტს მოიტანს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი მსოფლიოს და ევროპის საფეხბურთო მმართველ ორგანიზაციებში მაინც არაფერი შეიცვლება, რადგან ისინი კორუფციითა და ვერცხლისმოყვარეობით სისხლხორცეულად არიან გაჟღენთილნი და მათი განკურნება ერთადერთი გზით – ყველა თანამშრომლის დათხოვნით შეიძლება მოხერხდეს.
წლების წინ, როდესაც ქართულ პოლიციაში რეფორმა გატარდა და ძველი, კორუმპირებული “მილიციის” ნაცვლად ჩვენი ახლანდელი პატრული გამოჩნდა, ეს იყო ერთ-ერთი ყველა მტკივნეული რეფორმა, რადგან ჩვენი ქვეყნის ძალოვანი უწყებებიდან პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი დაითხოვეს და მათ ნაცვლად ახალი ხალხი აიყვანეს. პირადად ვიცნობ ერთ-ერთ მაშინ დათხოვნილ პოლიციელს, რომელიც გულნატკენი იძახდა, რომ სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, “დიდ ფულს” ხელს არ კიდებდა და უკვირდა რატომ არ დაუფასეს ეს “მცირედ კორუმპირებულობა”.
საქართველოში პოლიციის რეფორმას მოჰყვა უამრავი განაწყენებული ადამიანი, სამსახურიდან დათხოვნილი პოლიციელების ოჯახებისა და ნათესავების კრულვა და უფლებადამცველების (მთლიანობაში შეიძლება სამართლიანი) აღშფოთება, რომ ადამიანებისათვის ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ რეფორმას რა ვუყოთ? რეფორმა კი ყოველთვის მტკივნეულია. ასეთივე მტკივნეული უნდა იყოს რეფორმა უეფასა და ფიფაშიც. სხვა შემთხვევაში ყველაფერს აზრი ეკარგება.
ფეხბურთის მოყვარულ ხალხს ალბათ გვიჭირდება იმის აღიარება, რომ მსოფლიო ფეხბურთის მსხვილ-მსხვილი და ბობოლა ჩინოსნების დაკითხვებზე სიარულმა და ზოგიერთის “ვირის აბანიში” ჩაყუდებამ ერთგვარი სიამე მოგვანიჭა. რასაკვირველია სულაც არაა სამაყო იმის თქმა, რომ მავანის (ვინც არ უნდა იყოს) ციხეში გამოკეტვით ტკბები, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთში დღეს არსებული უსამართლობათა მთელი ჯაჭვი ყველას იმდენად ამოგვივიდა ყელში, რომ აღარც მორალისტობას დაგიდევთ და ვამბობთ იმას რასაც ვფიქრობთ. ჩვენი ფიქრები კი მძიმეა და შემაღონებელი...
ზოგს გონია, რომ ჩვენი პრეტენზიები ფეხბურთის მმართველებთან მხოლოდ მსაჯების აურაცხელი შეცდომებითა და მათი კორუმპირებულობით შემოიფარგლება. არაფერიც! ჩვენ კიდევ სხვა მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ფიფა-უეფას მთლიანად შეცვლას ვითხოვდეთ დაწყებული რუსეთ-ყატარისათვის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებების ჩამორიგებითა და დამთავრებული ათასი ნაძირალას ღია მხარდაჭერით, რომლებიც ამჟამად სხვადახვა ქვეყნების საფეხბურთო სამყაროს ხელმძღვანელობენ. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (მათ შორის სამწუხაროდ საქართველოშიც) მრავალი ბავშვი ოცნებობს ფეხბურთელად გახდომაზე და მათ მშობლებს საამისო სახსრები არ გააჩნიათ. “ფეხბურთი ყველასათვის” იცოცხლეთ, მშვნიერი დევიზია, მაგრამ არის კი ფეხბურთი ყველასი? აქვს კი ყველას თანაბრად ფეხბურთში ჩაბმის უფლება და შესაძლებლობა?
მოკლედ, როგორც დიადი მარსის შვილი, კატონ უტიკელი იძახდა: “კართაგენი უნდა დაინგრეს” და ასევე უნდა დაინგრეს მთელი კორუფციულ-მავნებლური პირამიდა, რაც ფიფა-უეფამ შექმნა დასწორედ საამისოდ შემოგთავაზეთ ამ ბლოგის დასაწყისში ბიბლიიდან ამოღებული შესანიშნავი სიტყვები.