ფეხბურთი

18:45 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრების მწვრთნელები: ჯერ მხოლოდ ვარაუდებია

ხშირი საუბრები ისმის, ახალი წლიდან საქართველოს რომელ ასაკობრივ ნაკრებში რომელი მწვრთნელი დაინიშნება. საკითხი ჯერ ასე გადაწყვეტილი არაა და მეტიც, ჯერ გადაწყვეტასთან ახლოსაც არაა. ჯერ მხოლოდ ვარაუდები შეიძლება.

ლევან კობიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ კითხვები აქვს მწვრთნელებთან მათი მუშაობისა და შედეგების გამო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ასაკობრივში იქნება ცვლილებები. კობიაშვილმა თქვა, რომ კითხვები აქვს კახა ცხადაძესთანაც.

ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დაიწყება ამაზე მუშაობა. ჯერჯერობით ცნობილი ისაა, რომ 2001 წელს დაბადებულთა თავკაცი გიორგი ნემსაძეა. ის ახალდანიშნულია ამ პოსტზე.

2000 წელს დაბადებულებს ოთარ კორღალიძე წვრთნიდა. ეს ნაკრები დაახლოებით ორ თვეში ერთხელ იკრიბებოდა და ამხანაგურ შეხვედრებს ატარებდა. 2000-ანებს გაისად შემოდგომაზე ელით 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი.

1999 წელს დაბადებულებში გოჩა ავსაჯანიშვილია. მისმა ნაკრებმა სასწაულად მოახერხა ელიტრაუნდში გასვლა, თუმცა დიდი შანსია, ამ ასაკობრივში მწვრთნელი შეიცვალოს.

ცვლილებები იქნება 1998 წელს დაბადებულებშიც, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა თავკაცობდა, ხოლო მათზე ერთი წლით უფროსებს ვასილ მაისურაძე ხელმძღვანელობს. ზოგადად, მაისურაძე ყველაზე წარმატებული სპეციალისტია ასაკობრივში, მისი დარი შედეგი (ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა 2012 წელს 17-წლამდელებით) არნახულია დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში. მაისურაძე 19-წლამდელებს წვრთნის და არადამაკმაყოფილებელი თამაშის ხარისხის მიუხედავად, გუნდი გავიდა ელიტრაუნდში.

ამის ზემოთ კი უკვე 21-წლამდელთა ნაკრებია, სადაც მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძეა. შედეგი ცუდია, ამას თქმა არ უნდა. ჩივაძის გუნდმა უკვე დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსი, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მძიმე ჯგუფი შეხვდა: ესპანეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხორვატიაც და შვედეთიც ობიექტურად ჩვენზე ბევრად წინ არიან ყველაფრით - საფეხბურთო მეურნეობით და თუნდაც ფეხბურთელთა კონტინგენტით. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩივაძემ ამ ნაკრებში მუშაობა გააგრძელოს.

და ეროვნული ნაკრები, რომელსაც 2015 წელს უკეთესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე 2013-სა და 2014-ში, ხარისხიც შედარებით უკეთესი იყო, თუმცა აი, ბოლო ორმა მატჩმა ბევრნი დააფიქრა - ესტონეთთან და ალბანეთთან კარგი ვერაფერი გამოჩნდა.

ფედერაციის ხელმძღვანელების პოზიცია ასეთია: ყველა მწვრთნელს დაველაპარაკებით, გავიგებთ, თუ რა უშლიდათ ხელს, ეგებ წარუმატებლობის ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზები ჰქონდათო.

საუბრები მიდის სხვადასხვა მწვრთნელებზე (გაიჟღერა ზაზა ზამთარაძისა და გიორგი კიკნაძის ვარიანტებმა), მაგრამ ეს ჯერ ვარაუდებია. დაველოდოთ დეკემბერს.

0.121805