ჰიუსტონში მიმდინარე მსოფლიო ჩემიონატზე ასპარეზობა დაასრულა მე-2 ქართველმა ძალოსანმა გიორგი ლომთაძემ. 77 კგ-მდე წონით კატეგორიის C ჯგუფში მან ჯამური 331 კგ. (149+182) დააგროვა და ჯერჯერობით, მე-7 ადგილზეა.
აღნიშნულ წონაში საქმეში ჯერაც არ ჩართულან A და B ჯგუფების წარმომადგენლები, ამდენად, საბოლოოდ, ქართველ ძალოსანს რომელი პოზიცია ერგება, მოგვიანებით გაირკვევა.
მანამდე კი, ლომთაძის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა: “გიორგიმ კარგი შეფასება დაიმსახურა. ის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული და ექვსივე ცდა გამოიყენა. ლომთაძეს კარგ გამოსვლას ვულოცავ და ახლა, საბოლოო შედეგების მოლოდინში ვართ”.
შეგახსენებთ, რომ ჰიუსტონურ ტურნირზე ქართველთაგან პირველი შოთა მიშველიძე (69 კგ.) წარსდგა, რომელმაც 300 კგ. (140+160) დასძლია და საბოლოო მონაცემებით, 46 მონაწილეს შორის 27-ე ადგილი დაიკავა. ამ წონაში ოქროს მედალი ჩინელ ჟიონ შის (348 კგ.) ერგო, კვარცხლბეკზე კი რუსი ოლეგ ჩენი (344 კგ.) და თურქი დანიარ ისმაილოვიც (343 კგ.) ავიდნენ.
მიშველიძის ასპარეზობა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ შეაფასა: “შოთას მხარი რომ არ ეტკინა, გაცილებით მეტს გააკეთებდა. მან ტრავმა ატაცში მიიღო და მაქსიმუმის გაკეთება უკვე რთული იყო. ცხადია, უმთავრესად, ქულების აღების იმედი მძიმე წონებში გვაქვს. იმასაც დავძენ, რომ ეს ალბათ, ისტორიაში ყველაზე ძლიერი მსოფლიოს ჩემპიონატია. მონაწილეების რაოდენობა და საშუალო დონე ძალიან გაიზარდა”.
ხვალ, ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრებიდან პირველ ქალ წარმომადგენელს ვიხილავთ. თათია ლორთქიფანიძის ჯერია. ის 63 კგ-მდე წონით კატეგორიის C ჯგუფში იასპარეზებს.