საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული თავისი მეორე მატჩის შემდეგ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. “კრილია სოვეტოვის” კიპერის გარჯა ცსკა-სთან მოსკოვში მოგებულ მატჩში (2:0) გამოცემა “სპორტ ექსპრესმა” 7,0 ქულით შეაფასა და ქართველი ფეხბურთელი მე-16 ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.
“ცსკა-სთან სტადიონ “ხიმკიზე” მოპოვებული სენსაციური გამარჯვების ერთ ერთი მთავარი შემოქმედი. ექვსჯერ იხსნა საკუთარ კარი გოლისგან, განსაკუთრებით შეხვედრის მიწურულს ურთულესი დარტყმები მოიგერია” - ასე აფასებს “სპორტ ექსპრესი” ლორიას თამაშს.
თავად ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ თავს გმირად არ გრძნობს და ეს გამარჯვება მთელი გუნდის კარგი თამაშის შედეგია:
“შეხვედრისთვის მზადების პროცესში ვგრძნობდი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი, თამაშის დიდი სურვილი მაქვს. ცსკა-ს ფეხბურთელების შესახებ საკმაო ინფორმაცია მივიღე თანაგუნდელებისგან. ავტობუსშიც ვსაუბრობდით თუ ვინ თამაშობს მოწინააღმდეგე გუნდში არასტანდარტულად, ვინ ასრულებს ჯარიმებს და პენალტებს. ასე რომ, თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდი. თავს გმირად ნამდვილად არ მივიჩნევ, ეს გამარჯვება, როგორც ყოველთვის, მთელი გუნდის დამსახურებაა. მოედანზე 11 მოთამაშე გადის და თითოეულს საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო შედეგში” - აღნიშნა ლორიამ “კრილია სოვეტოვის” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას. მისივე თქმით, თავს მოედანზე უკეთ გრძნობს, როცა მატჩის განმავლობაში უსაქმოდ დგომა არ უწევს:
“რა თქმა უნდა, მთავარი შედეგია და გუნდისთვის უკეთესია, რომ მატჩის უმეტესი დრო მოწინააღმდეგის ნახევარზე გაატაროს. თუმცა, გულახდილად გეტყვით, პირადად მე უფრო მომწონს, როცა მოწინააღმდეგე ფეხბურთელები შეტევაზე არიან ორიენტირებულები და ხშირად ურტყამენ კარში. არ მიყვარს ადგილზე დგომა, მირჩევნია აქტიურად ვიყო თამაშში ჩართული” - ამბობს ქართველი კიპერი.