ქართველი ჩოგბურთელები ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია თურქეთში იმყოფებიან და კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირში ითამაშებენ, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ანტალიაში ანალოგიური შეჯიბრის გამარჯვებული გორგოძე გახდა, რომელსაც ამჟამად მე-5 განთესვა გააჩნია.
პირველ წრეში გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანულ კრისტინა შაკოვეცს ეთამაშება, ხოლო მე-4 ნომრად მიჩნეული ქვაცაბაია “უაილდ ქარდის” მქონე თურქ სევენ ორალს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და ბელარუსი ალინა ზუბკოვა უკრაინელებს – ფედორიშინას და კირილოვას დაუპირისპირდებიან, ხოლო ქვაცაბაია და გერმანელი ჯულიეტ სტეური ძალებს თურქულ-უზბეკურ დუეტთან (ორალი-სტახანოვა) მოსინჯავენ.
ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქვაცაბაია 94 ქულით 377-ე ადგილზეა, ხოლო გორგოძეს 85 ქულით 395-ე პოზიცია უკავია.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ კარიერის საუკეთესო ნიშნულს უწია მარიამ ბოლქვაძემ. 17 წლის ქართველმა გოგონამ თავი 53 ქულას მოუყარა და მსოფლიოს 507-ე ჩოგანი გახდა.