ჭადრაკი

13:48 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას საუკეთესო რეიტინგ-პერფორმანსი

ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში დასრულებულ ევროპის გუნდური პირველობის მონაწილე ვაჟთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგ-პერფორმანსი (2868!) აჩვენა ლევან ფანცულაიამ.

თბილისელი დიდოსტატი არა მხოლოდ საკუთარ, მესამე დაფაზე იყო საუკეთესო, არამედ – მთლიანად ჩემპიონატშიც! ამასთანავე, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა პირად რეიტინგს 30 ქულაც შემატა.

ვაჟთა პირველ დაფაზე მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებთან პაექრობაში წარმატებით ითამაშა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამაც. მან საკუთარ რეიტინგს 11.5 ქულა მიუმატა. 9 ქულა მოიმატა და კარგად ითამაშა მეორე დაფაზე მოასპარეზე მიხეილ მჭედლიშვილმაც.

საბოლოოდ, მე-18 ნომრად განთესილმა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ესპანეთთან, აზერბაიჯანთან, ინგლისთან, ჰოლანდიასა და ჩეხეთთან ერთად VII-XII ადგილები გაიყო. დამატებითი მაჩვენებლებით, ქართველი მოჭადრაკეები მეცხრე ადგილზე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველთა გუნდი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გმირულად იბრძოდა საპრიზო სამეულისათვის და ჩემპიონატის ყველა ძლიერ და გამორჩეულ გუნდს ეთამაშა. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ჩვენი ვაჟების შედარებით პასიურ შედეგებს, შეიძლება ითქვას რომ, წლევანდელ ჩემპიონატში, მათ წარმატებულ გამოსვლაში ლომის წილი ნაკრების მთავარ მწვრთნელს ზურაბ სტურუას მიუძღვის.

ჩემპიონატში პირველ ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა 15 ქულით. II-IV ადგილები 13-13 ქულით სომხეთი, უნგრეთი და საფრანგეთი ინაწილებენ.

პირადი შედეგები:

ბაადურ ჯობავა (2668) – 5,5 (9)

მიხეილ მჭედლიშვილი (2618) – 5 (9)

ლევან ფანცულაია (2567) – 6,5 (8)

ლუკა პაიჭაძე (2573) – 1,5 (5)

მერაბ გაგუნაშვილი (2539) – 2,5 (5)

მესამე საპრიზო ადგილზე დაასრულა ასპარეზობა საქართველოს ქალთა ნაკრებმა. ხოლო, მესამე დაფაზე მოასპარეზე ლელა ჯავახიშვილმა საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსი აჩვენა და საკუთარი რეიტინგი 7 ქულით გაზარდა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული რუსეთი გახდა 17 ქულით, ვერცხლი უკრაინამ მოიპოვა 15 ქულით. ხოლო საქართველომ 14 ქულა მოაგროვა და ბრინჯაო დაისაკუთრა.

პირადი შედეგები

ნანა ძაგნიძე (2566) – 4 (7)

ბელა ხოტენაშვილი (2512) – 3,5 (7)

ლელა ჯავახიშვილი (2479) – 5,5 (7)

ნინო ბაციაშვილი (2509) – 5,5 (9)

მერი არაბიძე (2408) – 2 (6)

0.140598