გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორამ” ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ “უნიკახას” 82:79 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე საუკეთესო იყო და მატჩის უძვირფასესი მოთამაშეც (MVP) გახდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და ერთადერთი კალათბურთელი შეიქმნა, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. ქართველი ცენტრის მონაგარი 15 ქულა, 10 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა გახლდათ.
გიორგიმ 10-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ამ მხრივ, მალაგელთაგან გამორჩეული ამერიკელი უილ ტომასი იყო, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც გააჩნია და 2011-12 წლების სეზონში თბილისური “არმიას” ღირსებასაც იცავდა. ტომასმა 12 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
“მორაბანკ ანდორამ” 4 მარცხის წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. შერმადინის კლუბს მომდევნო მატჩი 29 ნოემბერს სტუმრად “მურსიასთან” ელის.