ინგლისის ჩემპიონატის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. “ტოტენჰემმა” “უაით ჰართ ლეინზე” თანაქალაქელი “ვესტ ჰემი” მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
მატჩამდე ორივე კლუბს 21-21 ქულა ჰქონდათ. მიმდინარე სეზონში “ვესტ ჰემი” ძლიერი კლუბების წინააღმდეგ შესანიშნავად გამოიყურება და “ლივერპულის”, “არსენალის”, “სიტისა” და “ჩელსის” დამარცხება მოასწრო. თანაც, “ჩაქუჩებს” “უაით ჰართ ლეინზე” 2012 წლის შემდეგ არ წაეგოთ – 3 მატჩიდან 2 მოიგეს და ერთი ფრედ ითამაშეს. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, გულშემატკივრები დაძაბული შეხვედრის მოლოდინში იყვნენ, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
მასპინძლები მთელი შეხვედრის განმალობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და დიდი ანგარიშით სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს. მათ პირველი სახიფათო ეპიზოდი მე-20 წუთზე შექმნეს, კრისტიან ერიკსენი საჯარიმოს გარედან ურტყამდა, თუმცა ადრიანმა ბურთის მოგერიება მოახერხა. ანგარიში სამ წუთში მაინც გაიხსნა, ჰარი კეინმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და დაახლოებით 10 მეტრიდან ადრიანის კარი ძლიერი დარტყმით აიღო. ათ წუთში “დეზებმა” მეორეც გაიტანეს, კრისტიან ერიკსენის მიერ მოწოდებულ კუთხურს ტობი ალდერვეირელდი გამოეხმაურა და თავური დარტყმით სხვაობა გაზარდა. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებს ორ წუთში მესამის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ სონს ადრიანმა არ გაატანინა, ხოლო ალის დარტყმული ხარიხამ მოიგერია. სამ წუთში უკვე ჰარი კეინს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ძალიან ცუდად დაარტყა და დიდი მანძილით ააცილა კარს.
კეინმა შეცდომის გამოსწორება 49-ე წუთზე მოახერხა, რომელმაც შორეული დარტყმით დალაშქრა ესპანელი კიპერის კარი. ორ წუთში მასპინძლებს მორიგი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ადრიანმა კვლავ შესანიშნავად ითამაშა, რომელიც მარტო ეთამაშებოდა მოწინააღმდეგეს და ის რომ არა, სხვაობა კატასტროფული იქნებოდა. მან ამჯერად ჯერ სონს აუღო, ხოლო დამატებაზე კრისტიან ერიკსენს არ გაატანინა. მე-80 წუთზე ადრიანმა მეისონსაც აჯობა, მაგრამ 83-ე წუთზე კაილ უოლკერის მოჭრილ დარტყმასთან ვეღაფერი გააწყო. შტუმრებმა ერთადერთი რაც შეძლეს პრესტიჟის გოლის გატანაა, ლანცინიმ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე 87-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
ტურის დასკვნითი შეხვედრა ხვალ გაიმართება. “კრისტალ პალასი” შინ “სანდერლენდს” დაუპირისპირდება.
ტოტენჰემი – ვესტ ჰემი 4:1 (2:0)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, ალი (მეისონი 71), დაიერი, სონი (ონომაჰი 85), დემბელე, ერიკსენი, კეინი (ტ.კეროლი 91).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, რიდი, ტომკინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ნობლი (სონგი 80), კუაიტე, ლანცინი, სახო, მოზესი (ზარატე 63), ე.კეროლი (იელავიჩი 63).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
გოლები: 1:0;3:0 კეინი (23;50), 2:0 ალდერვეირელდი (33), 4:0 უოლკერი (83), 4:1 ლანცინი (87)
გაფრთხილებები: ალი, უოლკერი – ნობლი, სახო
მსაჯი: ენტონი ტეილორი