საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთის ქალაქ ჩიონგქინგში დასრულებულ ოლიმპიადაზე 13 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით, 72 გუნდს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები, რომლის ღირსებასაც გიორგი სიბაშვილი (2186), ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2142), ნიკა ღვამბერია (2047), ნოე თუთისანი (2025) და მარიამ ჭოლაძე (1932) იცავდნენ, მე-12 ნომრად იყო განთესილი.
ბოლო მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ჩინეთის პირველ გუნდს (მე-4 განთესვა) დაუპირისპირდნენ და ძლიერ მეტოქესთან ყაიმი გააფორმეს. აღსანიშნავია ღვამბერიას წარმატებული თამაში, რომელმაც რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ იიე ვანგს (2249) სძლია.
18 ქულით ოლიმპიადის ჩემპიონი ინდოეთი გახდა, რუსეთმა 17 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს მედლები თურქეთს (15 ქულა) ერგო, რომელმაც უნგრეთს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.