სხვა

16:22 | 22.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი კომუსუბის წოდებას შეინარჩუნებს
“იმპერატორის თასი” ჰარუმაფუჯის ერგო

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ფუკუოკაში გამართული კიუშიუ ბაშო მინიმალური უარყოფითი ბალანსით (7 მოგება, 8 მარცხი) დაასრულა, რაც იმის მომასწავებელია, რომ ის მცირე უკუსვლაც განიცდის და აღმოსავლეთიდან დასავლეთის კომუსუბის წოდებამდე დაქვეითდება.

ტოჩინოშინს სანიაკუში (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) დასარჩენად უკანასკნელ ტურში გამარჯვება სჭირდებოდა და ამოცანას თავი ღირსეულად გაართვა. ქართველმა სეკიტორმა დასავლეთის მე-7 მაეგაშირა კიოკუშუჰო იორიტაოშით დაამარცხა.

ტოჩინოშინისთვის მნიშვნელოვანი იყო ოძეკი გოეიდოს წარმატებაც, რომელმაც სასიცოცხლო მე-8 მოგება სეკივაკე ტოჩიოძანთან გაიფორმა და მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) და შესაბამისად, დაქვეითებას გადაურჩა. ამის წყალობით, თუკი რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, გორგაძე კომუსუბის წოდებას შეინარჩუნებს, კიდევ ერთი კომუსუბი იოშიკაძე კი, რომელმაც კაჩი-კოში დააფიქსირა, სეკივაკეობამდე აღზევდება. ის აწ უკვე ექს-სეკივაკე მიოგირიუს ჩაანაცვლებს, რომელსაც სამარცხვინო ბაშო ჰქონდა და 15-დან 13 ბრძოლა წააგო.

ნოემბრის სუპერტურნირის ფინიში აშკარად “ჩაუვარდა” გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველმა გოლიათმა დადებითი ბალანსი უკვე შეჯიბრის მე-11 დღეს გაიფორმა, მომდევნო 4 ტურის განმავლობაში კი, დოჰიოს დამარცხებული ტოვებდა. აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას ტიტულის მქონე გაგამარუმ კვირას დასავლეთის მე-5 მაეგაშირა სადანოუმისთან იორიკირით წააგო (ზედიზედ მეექვსედ) და მომავალ ბანძუკეში (რეიტინგი) მცირე წინსვლა ელის.

ძალიან დრამატული გამოდგა “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ, გამარჯვებული იოკოძუნა ჰარუმაფუჯი გამოვიდა, რომელმაც მე-7 იუშო მიითვალა. საინტერესოა, რომ სენსურაკეს (ბაშოს დასკვნითი დღე) დავაანიამინ ბიამბადორჯმა ოძეკი კისენოსატოსთან იორიკირით წააგო, თუმცა, მას მშველელებად რიგით 70-ე იოკოძუნა კაკურიუ და დასავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკი მოევლინენ.

პირველმა დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ასევე იორიკირით დაჯაბნა, ხოლო მეორემ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა შოჰოძანი სოკუბიოტოშით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჰაკუჰომ სუპერტურნირის ფინიში უჩვეულოდ სუსტად ჩაატარა. “თეთრმა ფენიქსმა” ბაშოს სტარტზე 12 გამარჯვება იზეიმა, რასაც 3 მარცხი მიაყოლა და “იმპერატორის თასიც” ხელიდან გაუსხლტა.

ბაშოს შედეგებით, ტექნიკური ასპარეზობისთვის დაწესებული სპეციალური პრიზი გინო-შო იოშიკაძემ მიიღო, შოჰოძანს და აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა იკოის კი, მებრძოლის სულის გამოვლინებისთვის კანტო-შო ერგოთ. პრემია შუკუნ-შო, რომელიც იოკოძუნას, ოძეკის ან ტურნირის გამარჯვებულთა მძლეველებს გადაეცემათ, ვერავინ მიიღო. ისიც ვთქვათ, რომ თითოეული ხსენებული ჯილდო ფულადი სახით ორ მილიონ იენს (დაახლოებით 15 300 ევრო) წარმოადგენს.

დასასრულ მოგახსენებთ, რომ პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი 24 დეკემბერს გამოქვეყნდება, მომავალ ბაშოს კი, 2016 წლის 10-24 იანვარს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” უმასპინძლებს.

ნოემბრის ბაშოს დასკვნითი დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 6:52-დან, ტოჩინოშინის – 9:30-დან

0.116654