საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მე-6 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა და მე-2 ადგილზე დამკვიდრდა.
გასულ ტურში საქართველოს ნაკრებმა ურთულესი მდგომარეობიდან გამოძრომა მოახერხა, როდესაც საფრანგეთს 0.5:1.5 ჩამორჩა, თუმცა, ბელა ხოტენაშვილმა (2512) და ნინო ბაციაშვილმა (2509) შავი ფიგურებით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც “გამოჭედეს” – 2.5:1.5. მანამდე, ნანა ძაგნიძემ (2566) ყაიმი გააფორმა, მარცხი კი ლელა ჯავახიშვილმა (2479) განიცადა.
ქართველმა ქალებმა 10 ქულა მოაგროვეს და 1 ქულით ჩამორჩებიან რუსეთის ნაკრებს, რომელიც დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში უკრაინას დაუზავდა – 2:2. უკრაინელებს უნგრელთა დარად 9 ქულა მოუგროვდათ და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
მე-7 ტურში საქართველო სერბეთს (8 ქულა) ეთამაშება, რუსეთი – უნგრეთს, ხოლო უკრაინა – ავსტრიას.
საქართველო – საფრანგეთი 2.5:1.5
ნანა ძაგნიძე (2566) – მარი სებაგი (2496) 0.5:0.5
ალმირა სკრიპჩენკო (2443) – ბელა ხოტენაშვილი (2512) 0:1
ლელა ჯავახიშვილი (2479) – სოფი მილე (2356) 0:1
სილვია კოლა (2319) – ნინო ბაციაშვილი (2509) 0:1
რეიკიავიკში მიმდინარე ტურნირზე პირველი მარცხი შეემთხვა საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, რომელმაც უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ რუსეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, 1.5:2.5 წააგო. გამოსარჩევია ლევან ფანცულაიას (2567) გამარჯვება იან ნეპომნიაშჩისთან (2705), ბაადურ ჯობავამ (2668) ყაიმი გააფორმა, მარცხი კი მიხეილ მჭედლიშვილს (2618) და ლუკა პაიჭაძეს (2573) შეემთხვათ.
საქართველოს ნაკრებს 8 ქულა შერჩა და უნგრეთთან, უკრაინასთან, ესპანეთთან, სომხეთთან, პოლონეთთან და ლატვიასთან ერთად, მეოთხე-მეათე ადგილებს იყოფს. ლიდერი რუსეთია 11 ქულით, რომელსაც კვალში საფრანგეთი (10) და აზერბაიჯანი (9) უდგანან.
მე-7 ტურში ქართველი ვაჟები მე-2 ნომრად განთესილ უკრაინას ეთამაშებიან, საფრანგეთი რუსეთს დაუპირისპირდება, ლატვია – აზერბაიჯანს, ესპანეთი – უნგრეთს, ხოლო პოლონეთი – სომხეთს.
საქართველო – რუსეთი 1.5:2.5
ბაადურ ჯობავა (2668) – ალექსანდრ გრიშჩუკი (2750) 0.5:0.5
ევგენი ტომაშევსკი (2743) – მიხეილ მჭედლიშვილი (2618) 1:0
ლევან ფანცულაია (2567) – იან ნეპომნიაშჩი (2705) 1:0
დმიტრი იაკოვენკო (2735) – ლუკა პაიჭაძე (2573) 1:0