კალათბურთი

10:04 | 19.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას მე-6 ორმაგი დუბლი სეზონის მე-12 მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ში მორიგი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა. ქართველი ცენტრი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოსტონში, სადაც მისმა „დალასმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა - 106:102, ზაზამ კი მე-6 ორმაგი დუბლი მიითვალა სეზონის მე-12 მატჩში.

დალასელებმა რთული მატჩი მოიგეს. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 8 ქულით იგებდნენ, თუმცა მაღალ დონეზე ჩატარებული დასკვნითი მეოთხედის შემდეგ, რომელიც ტეხასელებმა 36:24 მოიგეს, ბოსტონელები წელში გატეხეს და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწიეს.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ზაზა კვლავ უბადლო იყო ფარქვეშ ბრძოლებში და მოგროვებულ 14 ქულას 12 მოხსნაც მოაყოლა. ამასთან ერთად, ქართველმა ცენტრმა 3 პასი და 1 დაფარებაც მიითვალა და გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცკიმ თავი 23 ქულითა და 7 მოხსნით გამოიჩინა. 18 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო დერონ უილიამსის ანგარიშზე 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა. „ბოსტონში“ საუკეთესო ჯარედ სალინჯერი იყო, რომელმაც მატჩის მეორე ორმაგი დუბლი გაიფორმა 18 ქულითა და 12 მოხსნით.

8 მოგებითა და 4 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გამაგრდა და მიუახლოვდა მეორეზე მყოფ „სან ანტონიოს“. პირველზე კი ფენომენალურად მოთამაშე მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტია“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერიით.

„დალას მავერიკსი“ მორიგ მატჩს 21 ნოემბერს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.

www.gbf.ge

0.135806