წყალბურთის მსოფლიო ლიგაში მოთამაშე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მე-2 მატჩი ჩაატარა და ათენში საბერძნეთთან 10:18 დამარცხდა.
საბერძნეთის წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიო ლიგის სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი და მსოფლიო თასის ორგზის ვერცხლის პრიზიორია, ამდენად, მასპინძელთა გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა.
თამაშის ბედი მეტწილად პირველივე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ბერძნებმა 7:2 მოიგეს, დარჩენილ დროში კი, ქართველებმა მრისხანე მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი დამირ ცრეპულია გახლდათ 3 გოლით, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ თავი ორ-ორჯერ გამოიჩინეს, თითო ბურთი კი მარკო ელაჩამ, მიხეილ ხვედელიანმა და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს.
ქართველ წყალბურთელებს მე-3 ტურის მატჩი 1 დეკემბერს ელით, როდესაც პირველ საშინაო შეხვედრაში რუმინეთს დაუხვდებიან. კარპატელებს ასევე ორივე გასული თამაში წაგებული აქვთ, ამდენად, მათთან წარმატებაზე ფიქრი ნამდვილად შეიძლება.
საბერძნეთი – საქართველო 18:10 (7:2, 5:3, 3:3, 3:2)
საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია (3), ელეზი (2), ბითაძე, ელაჩა (1), ხვედელიანი (1), ბაღათურია (1), რურუა (2), გეგელაშვილი, ჯახაია, იმნაიშვილი, სტრუიჩი.
მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი.
უნგრეთი – რუმინეთი 16:8 (6:2, 2:3, 4:2, 4:1)
საბერძნეთი 2 2 0 35:13 6
უნგრეთი 2 2 0 33:18 6
საქართველო 2 0 2 20:35 0
რუმინეთი 2 0 2 11:33 0
მე-3 ტური. 1 დეკემბერი
საქართველო – რუმინეთი
საბერძნეთი – უნგრეთი