2015 წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა, აქედან ექვსი შესარჩევისა და ოთხი ამხანაგური. შესარჩევიდან გასვლის პრაქტიკული შანსი ჯერ კიდევ შარშან ამ დროს გადაწურული გვქონდა, ეგაა, 6 ქულა მივამატეთ აქტივს და ჯგუფი 9 ქულით დავასრულეთ.
გიბრალტართან მოგებას (4:0) თავი რომ დავანებოთ, კახა ცხადაძის ნაკრებმა ერთი მართლაც ფასეული გამარჯვება მოიპოვა, კერძოდ, შოტლანდიასთან ვაკო ყაზაიშვილის გოლითY1:0. ამ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯერაც შეუძლია საშუალო, ან საშუალოზე ძლიერი ევროპული ნაკრების დამარცხება. შოტლანდიას, სანამ თბილისში წააგებდა, ჯგუფში მშვენიერი პოზიცია ჰქონდა, მესამე ადგილზე მყარად იყო.
ხშირად ჩანდა, რომ ნაკრები ერთ ტაიმს თამაშობდა კარგად და მეორეს ცუდად, ან პირიქით. ასე თუ ისე, ამ მხრივ სტაბილური იყო შოტლანდიასთან და უკრაინასთან შეხვედრები - ორივე ტაიმი ერთნაირად ჩავატარეთ. საუკეთესო 45 წუთი, რა თქმა უნდა, გერმანიასთან შესვენების შემდეგ გვქონდა, როცა გოლიც გავიტანეთ და ორი რეალური საგოლე მომენტიც შევქმენით. ირლანდიასთან პირიქით, კარგ პირველ ტაიმს უღიმღამო გაგრძელება მოჰყვა. მიზეზი დიდწილად ფეხბურთელთა ფიზიკურ მომზადებაში უნდა ვეძებოთ.
10 მატჩიდან საქართველომ მოიგო 3, ფრედ დაასრულა 1, ხოლო წააგო 6. გაიტანა 11 და გაუშვა 16 გოლი.
ამ 11 გოლიდან 3-3 გაიტანეს მათე ვაწაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა, 2 ბურთი შეაგდო ჯაბა კანკავამ, ხოლო თითო-თითო მიითვალეს თორნიკე ოქრიაშვილმა, ალეკო ამისულაშვილმა და გიორგი ჭანტურიამ.
მოდით, განვიხილოთ, როგორ გამოიყენა კახა ცხადაძემ 3-4-2-1 სქემა, რომელიც ხან 3-4-3-ად გადადის, ხან 5-4-1-ად. ფეხბურთელი, რომელიც ხუთ სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა ცხადაძემ, სანდრო კობახიძეა. მან ითამაშა მარჯვენა შემტევ ინსაიდად, მარცხენა შემტევ ინსაიდად, ცენტრალურ ნახევარმცველად და ასევე, მთელ მარცხენა ფლანგზე. კიდევ, სულ თავიდან, მალტასთან ამხანაგურში სულაც მარჯვენა მცველ-ნახევარმცველად დააყენა - იქ, სადაც ტრადიციულად უჩა ლობჟანიძეს ვხედავთ ხოლმე. თავად კობახიძე ამბობს, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული შემტევი ნახევარმცველობაა, ან მარჯვნიდან, ან მარცხნიდან.
არადა, ცხადაძე აქ ვაკო ყაზაიშვილსა და თორნიკე ოქრიაშვილს ანიჭებს უპირატესობას. ისე კი, ყველაზე დიდი კონკურენცია ნაკრებში სწორედ თავდამსხმელთა უკან არის - ოქრიაშვილის, ყაზაიშვილისა და კობახიძის გარდა, გვყავს გიორგი ჭანტურია, ლევან ყენია და სხვები.
მეკარეებს შორის კონკურენცია იყო და არის, უბრალოდ, ამ ეტაპზე ნუკრი რევიშვილი უკეთ გამოიყურება, ვიდრე გიორგი ლორია. დაცვის სამეულის ოპტიმალური ვარიანტიც მონახული აქვს ცხადაძეს, თუმცა ერთი კი არის, სოლომონ კვირკველიას არყოფნაში ნათლად გამოჩნდა მცველთა სისწრაფის უქონლობა. კაშია პოზიციური მცველია, გრიგალავა და ამისულაშვილიც ვერ გამოირჩევიან სისწრაფით. ამით ისარგებლეს კიდეც ესტონელებმა.
სანამ დაშავდებოდა, კანკავას გვერდში, მეპასე საყრდენად ჯანო ანანიძე საუკეთესო ჩანდა. ის ნიკა კვეკვესკირმა შეცვალა და მშვენივრადაც, მაგრამ კვეკვესკირიც რომ დაშავდა, დიდი პრობლემები შეგვექმნა. ცხადაძე იძულებული გახდა, ესტონეთთან მათე ცინცაძე დაეყენებინა, ხოლო ალბანეთთან ბუბა დაუშვილი. ცხადაძეს ადრე თავად აქვს ნათქვამი, კანკავა-დაუშვილის ერთად თამაში არ ივარგებსო და ალბანეთთან მატჩამდე არც მიუმართავს ამისთვის, მაგრამ იძულებული გახდა - ცინცაძის ესტონეთთან თამაშით უკმაყოფილო დარჩებოდა და სხვა ვარიანტი უნდა მოეძებნა.
თავდასხმაში პირველ ნომრად ლევან მჭედლიძე მიიჩნევა, მაგრამ ბოლო 4 მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო. ცხადაძე თუ დაცვით მოდელს და კონტრშეტევებს არჩევს, ნიკა გელაშვილს აყენებს, ხოლო თუ შეტევაზეა ორიენტირებული, მაშინ მათე ვაწაძე იწყებს. და შეცვლაზე შეჰყავს ბაჩანა ცხადაძე, რაც ბევრ გულშემატკივარსა და სპეციალისტსაც არ მოსწონს. მართლაც ცუდად ჩანს თვალში.
მთლიანობაში, ბოლო მატჩები რომ არ ჩავთვალოთ, შედეგიც შარშან-შარშანწინდელზე უკეთესი გვქონდა და მითუმეტეს, თამაშის ხარისხიც. აი, ბოლო თამაშებმა, განსაკუთრებით კი ესტონეთში 0:3 წაგებამ ძალიან გვატკინა გული. ეს იყო თამაშის პირწმინდად ჩაგდება, ამის იქით უკვე აღარაფერია.
აქვე გთავაზობთ ფეხბურთელებს პოზიციების მიხედვით. ერთი და იგივე სახელ-გვარს სხვადასხვა პოზიციებზე ამოიკითხავთ: ეს ისინი, რომლებსაც ნაკრების ამ სათამაშო სქემაში სხვადასხვა ამპლუაში შეუძლიათ მოქმედება. ზედაპირულად, ისე ჩანს, რომ თუ ჯანმრთელად არიან და დისკვალიფიკაციაც არ აქვთ, ცხადაძე ყოველთვის ძირითადში აწყებინებს თამაშს ამ ფეხბურთელებს: კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია, ნავალოვსკი, კანკავა, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი.
მეკარე: ნუკრი რევიშვილი (გიორგი ლორია)
სამი ცენტრალური მცველი: გურამ კაშია, ალეკო ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია (გია გრიგალავა, ლაშა დვალი, ზურაბ ხიზანიშვილი)
მარჯვენა მცველ-ნახევარმცველი: უჩა ლობჟანიძე (ოთარ კაკაბაძე, კახა ალადაშვილი)
მარცხენა მცველ-ნახევარმცველი: გიორგი ნავალოვსკი (გიორგი ფოფხაძე, სანდრო კობახიძე)
საყრდენი: ჯაბა კანკავა (ბუბა დაუშვილი, გუგა ფალავანდიშვილი)
ცენტრალური ნახევარმცველი: ჯანო ანანიძე (ნიკა კვეკვესკირი, მათე ცინცაძე, სანდრო კობახიძე, ლუკას ჰუფნაგელი, კახა მახარაძე)
შემტევი ნახევარმცველები: ვაკო ყაზაიშვილი-თორნიკე ოქრიაშვილი (გიორგი ჭანტურია, ლევან ყენია, სანდრო კობახიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ნიკა ძალამიძე, ზაქარია ბეგლარიშვილი, გიორგი მერებაშვილი, ლუკას ჰუფნაგელი)
თავდამსხმელი: ლევან მჭედლიძე (მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე, ნიკა გელაშვილი)
უახლოეს მოსალოდნელ რეზერვზეც გვსურდა დაწერა, მაგრამ რაღა უახლოესი გამოვა, როცა ნაკრებს გაისამდე თამაში არ ექნება. ამხანაგურს, სავარაუდიოდ, მარტში გავმართავთ, მაგრამ ვისთან, ჯერ უცნობია. ამიტომაც, მოსალოდნელ ახალწვეულებზე თავი შევიკავოთ, მანამდე დროა და ვნახოთ, რომელი ფეხბურთელი როგორ მოუმატებს, ვინ რომელ კლუბში და როგორ ათამაშდება.