ჭადრაკი

2:05 | 17.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი პრინციპულ მეტოქესთან
ვაჟები წაუგებელ სვლას განაგრძობენ

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დაჯარგვად დაუჯდა.

უშუალო კონკურენტ რუსეთთან დაპირისპირება ქართველი მოჭადრაკეებისთვის ძალიან მძიმედ წარიმართა და აქტივში მხოლოდ ნანა ძაგნიძის (2566) ყაიმი გვქონდა, ბელა ხოტენაშვილმა (2512), ნინო ბაციაშვილმა (2509) და მერი არაბიძემ (2408) კი მარცხი განიცადეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 0.5:3.5 წააგო და 6 ქულით მე-6 ადგილამდე დაქვეითდა. ასეთივე მონაგარი აქვთ უკრაინას და პოლონეთს, საფრანგეთმა და რუმინეთმა 7-7 ქულა მოაგროვეს, ერთპიროვნული ლიდერი კი რუსეთია 8 ქულით.

მე-5 ტურში საქართველო პოლონეთს ეთამაშება, რუსეთი – საფრანგეთს, ხოლო რუმინეთი – უკრაინას.

საქართველო – რუსეთი 0.5:3.5

ნანა ძაგნიძე (2566) – ალექსანდრა კოსტენიუკი (2534) 0.5:0.5

კატერინა ლაჰნო (2523) – ბელა ხოტენაშვილი (2512) 1:0

ნინო ბაციაშვილი (2509) – ვალენტინა გუნინა (2516) 0:1

ალეკსანდრა გორიაჩკინა (2478) – მერი არაბიძე (2408) 1:0

ქალთა ნაკრების მარცხის ფონზე იყოჩაღეს ქართველმა ვაჟებმა, რომელთაც მხოლოდ მე-17 განთესვა გააჩნიათ, თუმცა, მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნიათ.

მე-4 ტურში საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას 2.5:1.5 სძლია და 6 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. ქართველები აზერბაიჯანს, უნგრეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, უკრაინას და სერბეთს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან, პირველ პოზიციაზე კი აქაც რუსეთია 8 ქულით.

ხორვატებთან შეხვედრაში პარტიები ბაადურ ჯობავამ (2668) და ლევან ფანცულაიამ (2567) მოიგეს, მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) ყაიმი გააფორმა, მერაბ გაგუნაშვილს (2539) კი მარცხი შეემთხვა.

მე-5 ტურში ქართველი ვაჟები სერბეთს ეთამაშებიან, რუსეთი აზერბაიჯანს გაეჯიბრება, უნგრეთი – უკრაინას, ესპანეთი კი – საფრანგეთს.

საქართველო – ხორვატია 2.5:1.5

ბაადურ ჯობავა (2668) – ივან სარიჩი (2652) 1:0

ჰრვოე სტევიჩი (2604) – მიხეილ მჭედლიშვილი (2618) 0.5:0.5

ლევან ფანცულაია (2567) – ზდენკო კოზული (2617) 1:0

ანტე ბრკიჩი (2599) – მერაბ გაგუნაშვილი (2539) 1:0

0.117907