ფეხბურთი

20:14 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

აჟიოტაჟი იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ირგვლივ

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი დანიელე რუგანი შესაძლოა ზამთრიდან ახალ გუნდში გადავიდეს. გამოცემა “ტუტოსპორტის” ცნობით, 21 წლის მცველის სანაცვლოდ “ნაპოლი” 25 მილიონ ევროს იხდის. ნეაპოლელთა თავკაც მაურიციო სარის რუგანი ძალიან მოსწონს. ისინი ერთად გასულ სეზონში “ემპოლიში” მუშაობდნენ და მწვრთნელისთვის ფეხბურთელის შესაძლებლობები ცნობილია.

თავის მხრივ, “ბებერ ქალბატონს” რუგანი გასაყიდად არ ეთმობა და ამ ეტაპზე მხოლოდ იჯარის გაშვებაზე თუ იქნება ყაბულს. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერის განათხოვრების წესით აყვანა კი “ჯენოას” უნდა. გარდა ამისა, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რომის “ლაციო”, ფლორენციის “ფიორენტინა” და ლონდონის “არსენალიც” იჩენენ.

რუგანი “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში პირველად 2013 წლის აპრილში მოხვდა, როცა ანტონიო კონტემ “პესკარასთან” (2:1) სამატჩო განაცხადში შეიყვანა. მომდევნო ორი წელი კი იგი იჯარით “ემპოლიში” ირჯებოდა და გასულ სეზონში სერია A-ში ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც 38 შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა, თანაც გაფრთხილებაც არ მიუღია. ამასთან, მეტოქეთა კარში 4 გოლიც გაიტანა. ერთი წლის წინ დანიელე იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დასახელდა.

გაისად, ზაფხულში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე რუგანის ანტონიო კონტეს 23 კაციან სიაშიც ელოდნენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში ნიჭიერი მცველი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის და მხოლოდ 6 წუთი აქვს ნათამაშები.

0.116141