ქართველთა სრული ტრიუმფი - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ მაროკოს ქალაქ კასაბლანკაში გამართულ სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა.
ვაჟებში ოქროს მედლებს დაეუფლნენ და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ.) და დავით ლორიაშვილი (-100 კგ.). ბრინჯაოს მედლები კი ლევან ნახუცრიშვილმა (-68 კგ.), ბესო ბერულავამ (- 74 კგ.) და მძიმე წონოსანმა ბექა ბერძენიშვილმა ირგუნეს.
გოგონებში ჩემპიონობამდე თითი ნაბიჯი დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ ნინო ოძელაშვილი (-68 კგ.) და მძიმეწონოსანი ელენე ქებაძე. კიდევ ორი გოგონა - შორენა შარაძე (-60 კგ.) და ირინე ლეონიძე (-80 კგ.) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ამ ბრწყინვალე შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟები მხოლოდ რუსეთის ნაკრებს ჩამორჩნენ , ხოლო გოგონები მართალია პირველ სამეულს ვერ შეწვდნენ, მაგრამ ქართული სამბოს ისტორიაში აქამდე არნახული შედეგის ჩვენებით, საპატიო მეოთხე ადგილზე დამკვიდრდნენ.
13-15 ნოემბერს გამართულ მსოფლიოს პირველობას სამბოში აფრიკის კონტინენტი პირველად მასპინძლობდა. მაროკოს მსოფლიოს 82-ზე მეტი ქვეყნიდან სპორტსმენთა უპრეცენდენტო რაოდენობა ეწვია და მასპინძლებმა არაფერი დაიშურეს შეჯიბრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ტურნირი თვით მაროკოს მეფის პატრონაჟის ქვეშ მიმდინარეობდა და მართლაც მოწინავე სტანდარტებს აკმაყოფილებდა.
კასაბლანკას 7 ათასიანი მთავარი სპორტული არენა 3 დღის განმავლობაში სრულიად სამბოს სამყაროს განკარგულებაში გახლდათ და ინტერნეტ რეპორტაჟებიც ყველასათვის მოულოდნელად უნაკლოდ იყო ორგანიზებული. ქართველთაგან შეჯიბრის მთავარი ტრიუმფატორი ვახტანგ ჩიდრაშვილი (-57 კგ.) გახდა, ვინც ზედიზედ მესამედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.
ბაქოში წლეულს გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე მსაჯებმა უსამართლოდ დაჩაგრეს ჩვენი ფალავანი დ თითქმის გარანტირებული ოქროს მედალი ჯიბიდან ამოაცალეს. ამჯერად ჩიდრაშვილს ბრწყინვალე შანსი მიეცა, რომ რუსი ატკუნოვისთვის რევანში აეღო და ყველასთვის ეჩვენებინა ბაქოში მისი მარცხის შემთხვევითობა.
ბადეებიც ისე დაჯდა ვახტანგის და ატკუნოვის გზები ფინალამდე არ იკვეთებოდა. თუმცა, სრულიად მოულოდნელად რუსმა მეოთხედფინალში ტაჯიკ კარიმოვთან წააგო. ჩიდრაშვილმა კი მშვიდად და აუღელვებლად გაიარა გზა ოქროს მედლისკენ. ფინალში სწორედ ტაჯიკი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტუტული მესამედ მოიპოვა.
არანაკლები ჭიდაობა აჩვენა ჩვენმა კიდევ ერთმა ჩემპიონმა, -100 კგ-ში მოასპარეზე დავით ლორიაშვილმა. მანაც დამაჯერებლად გაიარა სატურნირო ბადე. ფინალში ქართველის შეხვედრის ხილვა რუს ელისეევთან ერთ რამედ ღირდა. გამოცდილმა ლორიაშვილმა უმძიმეს ბრძოლაში სძლია მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს (2:1) და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედალოსანთაგან ლევან ნახუცრიშვილისა (- 68 კგ.) და ბესო ბერულავას (-74 კგ.) კარგ ჭიდაობასთან ერთად, აუცილებლად გამოსარჩევია მძიმეწონოსანი ბექა ბერძენიშვილის მშვენიერი ასპარეზობა. მისი პროგრესი აშკარაა და ის კასაბლანკაში გამარჯვებულ რუსს, არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონ ოსიპენკოს, მომავალში არაერთ პრობლემას შეუქმნის.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გოგონათა ნაკრების გამოსვლა. მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში სამგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ჯონდო მუზაშვილმა მაროკოში ოთხი სპორტსმენი იახლა და უმედლოდ არცერთი დარჩენილა!
წარმატება აქამდეც არაერთი გვქონია, გამოცდილი შორენა შარაძე, ირინე ლეონიძე და განსაკუთრებით ნინო ოძელაშვილი მსოფლიოსა თუ ევროპის უპირველეს ფორუმებზე საპრიზო ადგილებს აქამდეც არაერთხელ დაუფლებიან, მაგრამ ერთბაშად ოთხი მედალი, თანაც უძლიერეს მსოფლიოს პირველობაზე მართლაც უპრეცენდენტო და საამაყოა.
გასახარი კიდევ ერთი ფაქტია - ოთხივე გოგონა, პარალელურად, ძიუდოს ნაკრების წევრიცაა. ძიუდოში 2015 წელს ჭაბუკ გოგონათა წინსვლის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება.
ჩემპიონატის პირველ ორ დღეს ნაკრების აჭარული დესანტი გამოირჩა. შორენა შარაძის (-60 კგ.) და ირინე ლეონიძის (-80 კგ.) მიერ მძიმე ბრძოლებში მოპოვებული ბრინჯაოს მედლები ჩინებულ შედეგად ჩაითვალა. გუნდში კარგი განწყობა სუფევდა და მესამე დღეს საჭიდაოდ გასასვლელ ფალავნებს ყველა წარმატებას უსურვებდა, მაგრამ დარჩენილი გოგონები მთლად ასეთ გმირობას თუ ჩაიდენდნენ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე.
ნინო ოძელაშვილი (-68 კგ.) სამბოს ერთ-ერთ ვარსკვლავად მიიჩნევა. ის ძირითადად 72 კგ. წონით კეტეგორიაში ასპარეზობდა და მუდმივად საპრიზო სამეულში ტრიალებდა. თუმცა ოქროს აღებას ვერაფერით ახერხებდა - რუსი მეტოქე ყოველ ჯერზე გაწბილებულს ტოვებდა.
მაროკოში ნინომ ქვედა წონაში სცადა ბედი. ფიზიკურად კარგად მომზადებული ქართველი 68 კგ-ში აშკარად გამოირჩეოდა. პირველივე შეხვედრაში ისე დამაჯერებლად სძლია ბაქოს ევროპული თამაშების ჩემპიონს, სერბ იანდრიჩს, რომ აშკარა შეიქნა, ოქროს მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ რუსთა ნაქები ფალავანი ზახარცოვა თუ გაუმართავდა.
ასეც მოხდა. რუს სამბისტზე ერთი თავით მაღალი ოძელაშვილი კარგად აკონტროლებდა ფინალური შეხვედრის მიმდინარეობას, მაგრამ მოულოდნელად ილეთზე წამოეგო, რისი გაბათილებაც დარჩენილ დროში ვეღარ შეძლო და დასანანი მარცხი იწვნია.
მძიმე წონოსანი ელენე ქებაძის გამოსვლას ერთადერთი სიტყვით თუ შევაფასებთ - ბრწყინვალე!
ძიუდოში თვით ოლიმპიური პრიზიორის თეა დონღუზაშვილის თვალთახედვის არეში მოქცეული 21 წლის ქართველის სიძლიერე, აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა კასაბლანკას დარბაზში მისი ასეთი სანახაობრივი ასპარეზობა მაინც ძალზე სასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ.
ქებაძემ ფაქტობრივად ქარიშხალივით გადაუარა მეტოქეებს. კამერუნელი და ფრანგი სპორტსმენების ძლევის შემდეგ ფინალშიც არნახული წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ნაკრების ლიდერს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს და დაუმარცხებელ ფალავანს ანა ბალაშოვას.
“რუსი მონსტრის” სახელით ცნობილი უძლეველი ბალაშოვა როგორც სჩვევია, უპრობლემოდ მივიდა ფინალამდე და იქაც მარტივ გამარჯვებას ელოდა. თუმცა ხისტი, მოუხელთებელი და აგრესიული ქართველისგან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. ყველა მეტოქის ცალი ხელით ძლევას მიჩვეული რუსი გაფითრებული სახით იყურებოდა, არ ეჯერა ეს ყველაფერი ხალიჩაზე მის თავს თუ ხდებოდა. ქებაძეს ვერანაირი ილეთი ვერ მოუხერხა. ელენემაც იგრძნო ეს მომენტი და მოსვენებას არ აძლევდა მეტოქეს. თანაბარი, უქულო შეხვედრის ბედი მხოლოდ ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯებმა “დიდსულოვნად” გაიმეტეს ქებაძისთვის.
დასანანია რომ ამ ბრწყინვალე ოთხეულთან ერთად მაროკოში ფინანსური პრობლემების გამო გამგზავრება ვერ შეძლო კიდევ ერთმა გამორჩეულმა ძიუდოისტმა - თეონა სუხიტაშვილმა, ვისაც მისი პროფესიონალიზმისა და მომზადების დონის გათვალისწინებით, ასევე უდიდესი შანსი ჰქონდა მსგავსი წარმატებისთვის მიეღწია.
საქართველოს სამბისტთა ნაკრები დიდი წარმატებით ბრუნდება სამშობლოში და თუ ვახტანგ ჩიდრაშვილის სიტყვებს დავესესხებით, ვიმედოვნებთ გულშემატკივარი სპორტსმენებს სათანადო დახვედრას მოუწყობს.
ირაკლი ხმელიძე