სხვა

14:27 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება “წითელ დრაკონთან”
ტოჩინოშინი კომუსუბების ჯახში დამარცხდა

გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა ფუკუოკაში მიმდინარე სუპერტურნირის მე-9 დღეს მე-6 გამარჯვება იზეიმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად 2 მოგებაც ეყოფა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი კიუშიუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მორიგ წარმატებას კი აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა ასასეკირიუსთან მიაღწია. ჯუღელმა “წითელ დრაკონად” წოდებული მეტოქე იორიკირით დაჯაბნა.

გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა კიტატაიკი იქნება, რომელთანაც ქართველს მინიმალური უარყოფითი ბალანსი აქვს – 5 მოგება, 6 მარცხი.

პრინციპული შერკინება დათმო ტოჩინოშინმა, რომელსაც 3 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა. გორგაძე იოშიკაძეს გაეჯიბრა და კომუსუბების ჯახში გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

ორივე სეკიტორი სეკივაკეს წოდების მოსაპოვებლად იბრძვის და ახლა, აშკარა უპირატესობა იაპონელის მხარესაა, რომელმაც თავი ექვს მოგებას მოუყარა. იოშიკაძე სეკივაკე მიოგირიუს ადგილს უმიზნებს, რომელმაც უკვე 7 ორთაბრძოლა წააგო და ძნელი სავარაუდოა, უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) გადაურჩეს.

ტოჩინოშინს კიუშიუ ბაშოზე 6 შერკინება დარჩა გასამართი და მიზნის მისაღწევად მინიმუმ 5 მოგება სჭირდება. ქართველი სეკიტორის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იჩინოჯო იქნება, რომელთანაც ლევანს აშკარა უპირატესობა აქვს – 5 მოგება, 1 მარცხი.

ფუკუოკაში შეუდარებელ გარჯას განაგრძობს იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მიჯრით მე-9 გამარჯვება ოძეკი გოეიდოსთან გაიფორმა. 8-8 მოგებით მისი მდევრები იოკოძუნა ჰარუმაფუჯი, ოძეკი კისენოსატო და რიგითი მაეგაშირები – შოჰოძანი და ტაკაიასუ არიან.

ნოემბრის ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა – 1:34დან, ტოჩინოშინის – 6:42-დან

0.115431