მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გაყიდოს, თუკი მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.
The Sun-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბში” იმედოვნებენ, რომ 30 წლის ფეხბურთელზე დახარჯულ თანხას ამოიღებენ და ასეთ შემთხვევაში კრიშტიანუს ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.
რონალდუ “რეალში” 2009 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 80 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ახლა მის მიმართ ინტერესს ფრანგული პსჟ და მისი ყოფილი კლუბი, “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენენ. კრიშტიანუს მიმართ პირადი ინტერესი აქვს ლონდონის “ჩელსის” მფლობელს რომან აბრამოვიჩს.
არაა გამორიცხული, რომ პორტუგალიელმა “რეალი” სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა.