ჩოგბურთი

1:45 | 16.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვას დასანანი მარცხი ლიმოჟში

ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და რუსი მარგარიტა გასპარიანის წყვილმა საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 92 749 ევრო) ფინალი დათმო.

საინტერესოა, რომ ENGIE Open de Limoges-ში მხოლოდ 8 წყვილი ჩაება, ამდენად, პირველ ნომრად განთესილ კალაშნიკოვას და გასპარიანს სულ 3 მატჩის ჩატარება მოუწიათ.

მათ მეოთხედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგებს – მატილდა იოჰანსონს და ალიზ ლიმს 6:4, 7:5 სძლიეს, ნახევარფინალში ჩეხები – ლენკა კუნჩიკოვა და კაროლინა სტუჩლა 6:3, 6:3 დაამარცხეს, ხოლო ფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ჩეხურ-ლუქსემბურგულ დუეტთან (ბარბორა კრეიჩიკოვა-მენდი მინელა) 6:1, 5:7, 6:10 დამარცხდნენ.

საინტერესოა, რომ ოქსანა და მარგარიტა მე-2 სეტში 5:2-ზე აწვდიდნენ, სუპერ ტაი-ბრეიკზე კი 4:0 დაწინაურდნენ, თუმცა, წაგება მაინც “მოახერხეს”. კალაშნიკოვამ და გასპარიანმა 95-95 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს და საპრიზო ფონდიდან 2 742 ევროც ერგოთ.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელს 956 ქულით 78-ე ადგილი უკავია, გასული ტურნირის შედეგებით კი, მცირე წინსვლა ელის.

ისიც ვთქვათ, რომ ლიმოჟის ტურნირის ერთეულთა ბადის კვალიფიკაციაში კალაშნიკოვა მე-3 ნომრად განთესილ უკრაინელ კატერინა კოზლოვას გაეჯიბრა და 6:4, 0:6, 5:7 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა შემდეგ კიდევ 3 მატჩი მოიგო და ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

0.143963