კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეხუთე ტური სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “სოხუმი” – “დინამოს” მატჩით დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა დაძაბული გამოდგა. იყო შემთხვევა, როცა ზღვისპირელები 15 ქულითაც კი დაწინაურდნენ, მაგრამ “დინამოს” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი მეტოქეს მშვიდი ცხოვრების უფლებას მაინც არ აძლევდა. დინამოელთა აქტიურმა თამაშმა ის შედეგი გამოიღო, რომ ხოშტარიას შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ წინ გასვლა მაინც ვერ მოახერხეს. სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო წამზე დაიძაბა. როცა ანგარიშში სხვაობა იყო 2 ქულა (64:62) და შეტევაში “დინამო” იმყოფებოდა, ეს უკანასკნელი შეტევაში დაჯარიმდა და “სოხუმის” მოთამაშე მწვრთნელმა, მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფაცაციამ 2 საჯარიმო სროლის უფლება მოიპოვა. ძირითადი დროის დასრულებამდე 0.5 წამით ადრე ფაცაციამ ორივე საჯარიმო გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ დროში “დინამომ” სამქულიანის სროლით შეტევა კი დაასრულა, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა ეს ბურთი კიდეც რომ ჩავარდნილიყო გამარჯვება მაინც “სოხუმს” დარჩებოდა, რადგან ანგარიშში სხვაობა 4 ქულა იყო. მატჩის საბოლოო ანგარიშია 66:62 “სოხუმის” სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა “სოხუმის” გამთამაშებელმა ფილიპ მილერმა დააგროვა. 15 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ფორვარდი ლევან ფაცაცია, რომელმაც თანაგუნდელთა გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა. მან ქულები თანაგუნდელებს ძირითადად კრიტიკულ მომენტებში მოუტანა. დინამოელთა შორის 16 ქულით ბომბარდირი ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შარაბიძე გახდა. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა შეასრულა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 10 მოხსნაა.
ამრიგად, ჩემპიონატს 5 ტურის შემდეგ “სოხუმის”, “ქუთაისი-2010”-ის და “ბათუმის” ტრიო ლიდერობს, რომლებსაც 9-9 ქულა აქვთ.
“სოხუმი” – “დინამო” 66:62
(23:18, 15:13, 11:15, 17:16)
1 | სოხუმი | 5 | 4 / 1 | 368 / 315 | 9 |
2 | ბათუმი | 5 | 4 / 1 | 387 / 345 | 9 |
3 | ქუთაისი | 5 | 4 / 1 | 396 / 355 | 9 |
4 | დინამო | 5 | 3 / 2 | 332 / 335 | 8 |
5 | რუსთავი | 5 | 2 / 3 | 372 / 399 | 7 |
6 | ოლიმპი | 5 | 2 / 3 | 363 / 353 | 7 |
7 | მგზავრები | 5 | 1 / 4 | 337 / 365 | 6 |
8 | აკადემია | 5 | 0 / 5 | 339 / 427 | 5 |