ფეხბურთი

17:22 | 14.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შიში ევროფორუმის მიმართ – რა იქნება ზაფხულში

რამდენად უსაფრთხოდ ჩატარდება ევროპის 2016 წლის ჩემპიოანტი დამდეგ ზაფხულს საფრანგეთში და ვინ მისცემს მილიონობით ჩასულ გულშემატკივარსა თუ ოფიციალურ პირს უსაფრთხოების სრულ გარანტიას? – ეს, ის მთავარი კითხვებია, რაც წუხელ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ბევრს გაუჩნდა.

კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ უეფამ გამოსავალი უნდა მოძებნოს და ევრო 2016 სხვა ქვეყანაში ჩაატაროს. თუმცა, აღნიშნული არც ისე მარტივი გასაკეთებელი იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... არადა, მათ, ვინც მასპინძელი ქვეყნის შეცვლას უკვე ითხოვენ, ძნელია არ დავეთანხმოთ, თანაც, მაინცდამაინც “სტად დე ფრანსის” სიახლოვეს განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვსა და გულშემატკივართა შიშს...

ბელგია – იტალიის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა იტალიურ მედიასთან საჯაროდ თქვა, რომ მომავალ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ეშინია.

“მომდევნო ევროპის ჩემპიონატის მიმართ შიში გამიჩნდა. იმედია, ყველაფერი დალაგდება. ჩვენი და გულშემატკივრების უსაფრთხოება დაცული იქნება, თამაშებიც მშვიდ გარემოში ჩატარდება”, - ამბობს შეშფოთებული ნაინგოლანი.

ძნელია ბელგიელს არ დავეთანხმოთ და მის მდგომარეობაში არ შევიდეთ. ალბათ, მასავით კიდევ ბევრი ფიქრობს, თუმცა ამ აზრის დაფიქსირებას საჯაროდ ერიდებიან, ანაც მომავალში დააფიქსირებენ...

საფრანგეთის მთავრობას, სამართალდამცავ უწყებებსა და უეფას ტურნირის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის დრო ჯერ კიდევ აქვთ, თანაც საკმარისად. ევრო 2016 დამდეგი წლის 11 ივნისიდან დაიწყება. მაგრამ კითხვები ბევრია, საფუძვლიანი კითხვები...

0.114087